„საქართველოს პარლამენტი რიგით მეორე პარლამენტი იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. სამწუხაროა, რომ მას ოპოზიციის ნაწილმა ხმა არ მისცა. უკრაინელი კოლეგებისგან, ამ მხარდაჭერისთვის, ჩვენ მადლობაც მოვისმინეთ. ალბათ, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ვითარების დაძაბვა საქართველოსაც შეუქმნის საფრთხეს.
„მთავარი მიზანი და რეზოლუციის შინაარსი სწორედ ომის არდაშვებაა. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, რადგან ეს, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, უკრაინელ ხალხს ძალიან მკაფიო სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 1-ელ თებერვალს მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის 69 წევრის გარდა, რეზოლუციას ასევე მხარი დაუჭირეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.