გახარიას თემა გაააქტიურეს არა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა, არამედ გახარიას და მისი პარტიის მოქმედებებმა, საუბარი მაქვს იმ ქმედებებზე, რომლებსაც საკრებულოებში ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია იყო თანაგუნდელი, რომლის გვერდით იდგნენ და ასევე ჩუმდებოდნენ, სადაც შესაძლებელი და ასევე საჭირო იყო მისი ქმედებების გაკრიტიკება.
„მაგალითად, არის საკითხები, სადაც მე დღემდე მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა უკეთ ყოფილიყო მართული პროცესი, მაგრამ მის მიერ გატარებულუ ღონისძიებები იყო ადეკვატური და საჭირო. მაგალითად, ვგულისმობ იგივე 20 ივნისის ღამის მოვლენებს, როდესაც მიდიოდა ცალსახა შტურმი პარლამენტსა და თავდასხვა პოლიციელებზე, თუმცა იქ რომ ძალაუფლების გადამეტება იყო ცალკეული პოლიციელების მხრიდან, ამის უკეთ მართვა შეიძლებოდა თუ არა, ამაზე დღეს მხოლოდ თეორიული მსჯელობა შეიძლება, მაგრამ შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო უკეთ მართული მაგალითად, პანკისის ოპერაცია, ამაზე ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს: დიახ, შეიძლებოდა და ეს არ იყო სწორად გაკეთებული. რაც შეეხება კლუბებში შეჭრას, ამის გამართლებას ვერც მაშინ ვერ ვხედავდი და ვერც ახლა ვერ ვხედავ“, - განაცხადა სუბარმა.