„უამრავ მედიკოსს შეკითხვა უჩნდება, ამიტომ კოვიდთან დაკავშირებით საქართველომ უნდა დადოს თავისი დასკვნა“

„უამრავ მედიკოსს შეკითხვა უჩნდება, ამიტომ კოვიდთან დაკავშირებით საქართველომ უნდა დადოს თავისი დასკვნა“

მას შემდეგ, რაც პრემიერმა არ დამალა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს, იგი ანტივაქსერად გამოაცხადეს. სინამდვილეში, პრემიერის პოზიციას არაერთი მედიკოსი იზიარებს. For.ge მედიკოსებზე დაყრდნობით ადრეც წერდა, რომ „ომიკრონი“ ის იშვიათი ვირუსი იყო, რომელზეც „დელტა“ და სხვა წინამორბედი შტამებისგან განსხვავებით, ვაქცინაცია არ მოქმედებდა. დღესაც არაერთი მედიკოსი მიიჩნევს, რომ დროა, სამედიცინო სფეროში დაგროვილი კითხვები დღის სინათლეზე გამოვიდეს და მედიკოსებს განსჯის საშუალება მიეცეთ, რამდენად რეალურია კოვიდსტატისტიკა და რატომ იღუპებიან ადამიანები?!

კორონავირუსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ბევრი ადამიანი მოითხოვს.

მსგავსი სახის საგამოძიებო კომისია უცხო არ არის ბრაზილიისთვის. იქაურ სენატში ასეთი კომისია მართლაც შეიქმნა, რომელმაც პანდემიის მართვა გამოიძია.

საქართველოში მადლიერი პაციენტების გარდა არიან ისეთებიც, რომლებიც კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების მატებას არასწორ მკურნალობას და საერთო პროტოკოლებს თუ გაიდლაინებს უკავშირებენ. საუბრობენ იმაზეც, რომ როდესაც რამდენიმე ინფიცირებულს ერთად აწვენენ, უკლებლივ ყველას მდგომარეობა მძიმდება, რადგან პაციენტები ერთმანეთში საკუთარ შტამებს ცვლიან.

კიდევ ერთი პრობლემაა მართვით სუნთქვაზე ადამიანების გადაყვანა, რაც უცხოეთში უკიდურესად შემცირებულია, საქართველოში კი - პირიქით, ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევა რთულ სიტუაციაში.

დაბოლოს, კითხვებს იწვევს კოვიდსტატისტიკაც, მისი სანდოობა და მთავარი პასუხგაუცემელი შეკითხვა, სად გაქრა სხვა დაავადებები? მხოლოდ კოვიდით იღუპებიან ადამიანები?

ჯანდაცვის ექსპერტ ირაკლი სასანიას აზრით, პარლამენტში კოვიდის მართვასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნას, ამით არაფერი შეიცვლება. ამ საკითხში პარლამენტის ჩართვა არაა აუცილებელი, ეს პროფესიონალების სამსჯელოა. პროფესიონალები უნდა შეიკრიბონ, მოხდეს ამის სერიოზული განსჯა, შეფასება, სტატისტიკის შესწავლა, უნდა გაირკვეს, როგორ მიმდინარეობს პროცესი საავადმყოფოებში, რამდენად ხარისხიანი და ადეკვატურია მკურნალობის პროცესი.

„ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური განსჯის საგანი, არ შეიძლება ყველაფრის გაპოლიტიზება. ყოველთვის ვამბობდი, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ არის აქტიური სხვადასხვა პროფესიული საზოგადოება და პროფესიული გაერთიანება? არსებობს ენდოკრინოლოგთა, რეანიმატოლოგთა, ქირურგთა საზოგადოებები, რომელთაც დამოუკიდებელი აზრი გააჩნიათ. არის ექიმთა ასოციაცია, საავადმყოფოების ასოციაცია, აქ უნდა ღვიოდეს ეს საკითხები. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ ყველაფრის მობილიზებასა და მონიტორინგში. არა მგონია, ვიღაცის შიშის გამო იბლოკება თავისუფალი აზრი პანდემიასთან დაკავშირებით, მძიმე პერიოდი გავიარეთ, მერე შეიცვალა ერთი მინისტრი მეორით. ეტყობა, ორგანიზაციული საკითხები ჯერ კიდევ ლაგდება. პრემიერმა საღად ჩამოაყალიბა, რაც ხდება რეალურად, არ შეიძლება მის ნათქვამს ანტივაქსერული უწოდონ, რადგან თქვა ის, რაც რეალობაა. ყველანი ვხედავთ, რომ „ომიკრონთან“ მიმართებით ვაქცინა არაეფექტურია. მე არ ვამბობ წინა შტამებზე, არაფერს ვამბობ „დელტა შტამზე“ და იმაზე, რომ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებმა ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ. დანარჩენებთან მიმართებით კი ვაქცინაცია არ არის აუცილებელი. ამიტომ პრემიერის ნათქვამი ფაქტებს ეფუძნებოდა“, - აღნიშნა ირაკლი სასანიამ for.ge-სთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესიც შეიძლება იყოს მსგავსი კომისიის შექმნა? - განმარტა, „რატომ უნდა გაუწიოს მსგავსი კომისიის შექმნას ვინმემ წინააღმდეგობა?“

ირაკლი სასანია ფიქრობს, რომ საქართველოს აქამდეც უნდა გამოეკვლია ეს საკითხი, რადგან ეს გლობალური ჯანდაცვითი პრობლემაა. ამიტომ საქართველომ უნდა დადოს თავისი სტატისტიკური ანალიზი, რა მოხდა, ვინ იყვნენ გარდაცვლილი ადამიანები, რა ასაკობრივი ჯგუფები, რა თანხმხლები დაავადებები ჰქონდათ? ეს გამოცდილება უნდა გავუზიაროთ მსოფლიოს. ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ასეთი ჩაკეტვა. სამწუხაროდ, ამდენ ხანს არ გამოჩენილა ასეთი კვლევა.

„ამ საკითხში აქტიურად უნდა იყოს ჩართული აკადემიური წრეები. უამრავი სამედიცინო უნივერსიტეტია, სხვადასხვა სამედიცინო სკოლაა, რატომ არიან ასეთი პასიურები, მე ვერ ვხვდები. მე ვიცი, რომ მათაც უჩნდებათ შეკითხვები, მეტი სტიმულირება უნდა მიეცეთ ამ ადამიანებს და ღია იყოს ეს დიალოგი. არავის დასჯას არ ვითხოვთ, ყველანი ვსწავლობთ და შეცდომები თუ დავუშვით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. არ უნდა ეშინოდეს ხალხს, რომ შეცდომებზე სწავლა შეიძლება“, - აღნიშნა მედიკოსმა.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი არ ფიქრობს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან რაც მოხდა, ობიექტურად განპირობებული პროცესი იყო.

„ვინმეს დანაშაულზე ეჭვი არ მაქვს. ამდენი ადამიანის დაღუპვა განპირობებულია ამ ვირუსის ძალიან ფართო გავრცელებით საქართველოსა და მსოფლიოში. ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ექიმებმა რა ქნან, თუკი ჩვენი საზოგადოება იზოლაციის წესებს არღვევს, პირბადეს არ იკეთებს და საკუთარ ჯანმრთელობაზე არასათანადოდ ზრუნავს? ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა ვერ უშველის ადამიანს. ცხადია, სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, მაგრამ გარკვეულ პერიოდში პოლიტიკური პროცესების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა იზოლაციის წესების დაცვა. თანაც, ჩვენ ეკონომიკის სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთხელ რომ გაგვექცა მაჩვენებელი და ეპიდსიტუაცია გაუარესდა, მერე მისი შეჩერება წარმოუდგენელია. მით უმეტეს, „ომიკრონის“ პირობებში ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ამ ვირუსის გავრცელების კონტროლზე, რადგან შეუძლებელია მისი გაკონტროლება“, -გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ამას არ სჭირდება ისეთ რანგში აყვანა, რომ მაინცდამაინც პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ამისთვის არსებობს მოქმედი სტრუქტურები, სისტემები, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც შეიძლება პანდემიის ჩავლის შემდეგ სერიოზული დასკვნები დაიდოს. ანალიტიკოსის აზრით, მსოფლიო ბევრ რამეს ისწავლის საკუთარ შეცდომებზე.

დავით ზარდიაშვილის აზრით, საეჭვოა, ვიღაც ფულს აკეთებდეს ამ უბედურების ხარჯზე. უბრალოდ, პანდემია არის გამოცდა ჯანდაცვის ნებისმიერი სისტემისთვის, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კი საუკეთესო რომ არ არის, ესეც გასაგებია. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით პირველ და მეორე ეტაპზე, სანამ საყოველთაო გავრცელება დაიწყებოდა, რამდენადაც შეეძლოთ, ჯანდაცვის სისტემა კარგად მუშაობდა. ანალიტიკოსს არ ჰგონია, რომელიმე პაციენტი მიუხედავი დარჩა, ან ექიმებმა რამე დააკლეს. შეიძლება, ექიმებმა პროტოკოლი ვერ შეცვალეს, მაგრამ როგორც ამ პროტოკოლის შეცვლის არგუმენტები არსებობს, ისე მისი შენარჩუნების არგუმენტებიცაა. რაც მთავარია, ანალიტიკოსის აზრით, პრობლემა ჩვენშია, თავიდან ქართველები კარგად ვიწყებთ ყველაფერს, მათ შორის, კარგად ვიცავდით იზოლაციის წესებს, შემდეგ ეს ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვით. „ომიკრონმა“ კი საერთოდ აზრი დაუკარგა ყველა ზომის გატარებას, მაშინ დრაკონული ზომები უნდა მიეღოთ და ყველა ჩაეკეტათ.

„რას დაადგენს ეს საგამოძიებო კომისია, რომ ამირან გამყრელიძე უნდა დავხვრიტოთ?“ - აინტერესებს დავით ზარდიაშვილს.

ჯარჯი ზარდიაშვილის მსჯელობა ლოგიკური და დასაბუთებულია
2 წლის უკან
kolxi ზარდიაშვილს არ გარდაცვლია ოჯახის წევრი და არ შეხებია მას თვითონ, კარგი ანალიტიკოსია დეა დაეტიოს თავის სფეროში. ყველაფრის მცოდნეობას სადაც მივყავართ კი ვიცით:(:((( გამყრელიძეც უნდა ჩაჯდეს ციხეში და მისი აპოლოგეტებიც ზედ უნდა მიაყოლო... დიდი ფულიც რომ იშოვა არც ეს არის დასამალი და დღესაც მფარველობს ჯანდაცვაში მოქმედ მაფიას ესეც ყველამ ვიცით, მოკლედ ჩვენი საშველი არ არის რაააა...
2 წლის უკან