ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას განაგრძობს

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას განაგრძობს

რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას განაგრძობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯიმ ჰოკენჰალმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვინახავს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი ძალები გაიყვანა. მათი განცხადებების საპირისპიროდ, რუსეთი აგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას უკრაინის მახლობლად. ეს მოიცავს უკრაინის მახლობლად დამატებითი ჯავშანტექნიკის, ვერტმფრენებისა და საველე ჰოსპიტალების განთავსებას“, - აღნიშნა ჯიმ ჰოკენჰალმა.

16 თებერვალს, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფანჯარა ღია რჩება.

15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაიწყეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებების მიუხედავად, ადგილზე დეესკალაცია ჯერ არ შეინიშნება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა ჯერჯერობით არ შეინიშნება.