უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის, რისთვისაც სოციალური ქსელები და მედია გამოიყენება.

„დღეს შიდა საინფორმაციო სივრცე უპრეცედენტო გავლენის ქვეშ იმყოფება. უკრაინა პანიკის სისტემური გამწვავების, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და რეალური მდგომარეობის დამახინჯების მცდელობების წინაშე დგას. ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს აანალიზებენ და თითოეულ სცენარზე რეაგირების მკაფიო გეგმა აქვთ.

„ამავდროულად, ჩვენ კარგად გვესმის დღევანდელი საინფორმაციო ზეწოლის მოტივები: უკრაინულ საზოგადოებაში განგაშის დათესვა, სახელმწიფოს შესაძლებლობისადმი რწმენის შერყევა, ჩვენი ერთიანობის შელახვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჰიბრიდული ომის ამგვარ გამოვლინებებს სოციალურ ქსელებში, ზოგიერთ მედიასაშუალებასა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ აგრესორი ქვეყნის შესახებ ნარატივების გავრცელებაში აფიქსირებს. არა მხოლოდ ვაფიქსირებთ ამას, არამედ აქტიურადაც ვეწინააღმდეგებით ამგვარ გამოვლინებებს. თუმცა, ახლა ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ ყველა უკრაინელის დაბალანსებულ ქმედებებზე. ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ დავემორჩილოთ პროვოკაციებს. პანიკა და დესტაბილიზაცია სარგებელს მხოლოდ მტრებს მოუტანს. ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ კრიტიკულად და ნებისმიერი ინფორმაცია გადავამოწმოთ. იხელმძღვანელეთ ოფიციალური წყაროებით და არა ანონიმური მონაცემებით. ისწავლეთ სიმართლის ყალბი ინფორმაციისგან გარჩევა. უკრაინის სიძლიერე მხოლოდ ძლიერ არმიაში კი არა, არამედ თითოეული ჩვენგანის ერთიანობაშია. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავიცვათ უკრაინა, ჩვენი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ღირსება“, - აღნიშნულია განცხადებაში.