Der Spiegel: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ამერიკელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიძლება შეიჭრას

Der Spiegel: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ამერიკელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიძლება შეიჭრას

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) და ამერიკელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიძლება შეიჭრას. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი სამხედრო და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და აშშ-ის სამხედროებმა ფედერალურ მთავრობასა და ნატოს სხვა ქვეყნებს აცნობეს, რომ ახალი ინფორმაციის საფუძველზე, საშიშროება არსებობს, რომ რუსეთმა თავდასხმა 16 თებერვალს შეიძლება განახორციელოს.

ამასთანავე, გამოცემა Der Spiegel-ი წერს, რომ სადაზვერვო მონაცემებიდან მკაფიოდ არ ირკვევა, მიიღო თუ არა რუსეთის ხელმაძღვანელობამ უკრაინაში შეჭრის საბოლოო გადაწყვეტილება.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა დაიწყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ჩვენ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.