დღეს დილით გამოცემამ „Tuttosport” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანის შეძენით დაინტერესდა.
ცნობილი გახდა, რომ გუშინ ტურინული გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი საიდუმლო ვითარებაში წარიმართა. ამის მიუხედავად იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა რამდენიმე საინტერესო ცნობა მაინც გაიგეს.
„იუვენტუსი“ კავანის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის. ამის გარდა, ნეაპოლელებს ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი ფეხბურთელიდან ერთის არჩევის უფლება მიეცემათ. ეს მოთამაშეები არიან: მირკო ვუჩინიჩი, ალესანდრო მატრი, მაურისიუ ისლა და პაოლო დე ჩელიე.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ედინსონ კავანი მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ აუცილებლად დატოვებს. ადრე სამხრეთ ამერიკელი შემტევის ყიდვაზე პრეტენზიას მადრიდის „რეალი“, ლონდონის „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ აცხადებდნენ. ამ გუნდებს უკვე ტურინის „იუვენტუსიც“ დაემატა.