დღეს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული მახათას მთაზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს უკვე მესამე წელია განსაკუთრებულად აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატი ყოველ ოჯახში შებრძანდება, რომელზეც ილია მეორის მიერ შექმნილი ლოცვაა დატანილი. ხატი ყოველი ოჯახის მცველად და მფარველად, სახლის კართან დაბრძანდება. ხატები მახათას მთაზე შეკრებილ მრევლს დღეს საჩუქრად გადაეცა.
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი 2011 წლის 12 მაისს ეკურთხა. ხატის დღესასწაულზე 2012 წელს საძირკველი გაიჭრა. 2013 წელს კი, საძირკველის ამოყვანა დასრულებულია და მეორე ეტაპის მშენებლობა იწყება.
ისტორიულ მშენებლობაში 204 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე და უცხოეთში მცხოვრები ქართველები მონაწილეობენ.