რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შოტლანდიელ თავკაც ალექს ფერგიუსონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები წარმოექმნა.
კულუარული ინფორმაციით, 71 წლის სერ ალექსი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს. მას ექიმებმა სასწრაფო დასვენება გამოუწერეს. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ ფერგიუსონი 3-4 თვის განმავლობაში დაისვენებდა და გუნდს მიმდინარე წლის ოქტომბერში შეუერთდებოდა. ფერგიუსონმა სერიოზულად იფიქრა და სამწვრთნელო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს დილით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს ფერგიუსონი ამჟამინდელ კლუბს საბოლოოდ დაემშვიდობება. ამ დღეს „იუნაიტედი“ „ვესტ ბრომვიჩს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შემდეგ სერ ალექსი სამწვრთნელო სკამს დატოვებს და გუნდის დირექტორატთა საბჭოში ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.
71 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო 26 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ამ ხნის განმავლობაში შემდეგი ჯილდოები მოიპოვა: ინგლისის პრემიერ ლიგის 13 საჩემპიონო ტიტული, ასოციაციის 5 თასი, ლიგის 4 თასი, ინგლისის 10 სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის 2 თასი, უეფას თასების მფლობელთა თასი, უეფას სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ფერგიუსონის წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტებიდან რომელიმე ერთი ჩაიბარებს: ჟოზე მოურინიო, დევიდ მოიესი, იურგენ კლოპი და ლორან ბლანი.