ჟოზეფ ბორელი: რუსეთი ნერვების ომს აწარმოებს

ჟოზეფ ბორელი: რუსეთი ნერვების ომს აწარმოებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს.

„რუსეთი ნერვების ომს აწარმოებს. ამიტომ ჩვენი ნერვები უნდა შევინარჩუნოთ. ამ დაპირისპირებაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს და ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ. ამ კონტექსტში, ვგმობ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების უცნობი რაოდენობის წარმომადგენლებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასა და გამჭვირვალობას და მას სათანადო რეაგირება მოჰყვება. რუსეთი ევროპაში დაძაბულობის ატმოსფეროს გაღვივებას განაგრძობს, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს დეესკალაციას“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატია მარცხს განიცდის, ევროკავშირი მზად არის, ყველა ვარიანტი განიხილოს.

„ეს ჩვენი მედეგობის გაუმჯობესებასაც მოიცავს, მათ შორის პარტნიორებთან, როგორიცაა აშშ, ყატარი და აზერბაიჯანი, გაზის მიწოდების საკითხზე მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიწოდების შემცირებას ან შეჩერებას გადაწყვეტს“, - აღნიშნა მან.

28 იანვარს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, მათ შორის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.