სერგეი ლავროვი: ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ

სერგეი ლავროვი: ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ

რუსეთი ომში დაინტერესებული არ არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

„თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვის თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-თან და ნატოსთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და რუსეთი არ იცვლის საკუთარ პოზიციებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.