ჯენეტ ჯექსონის შესახებ გადაღებულ 2-ეპიზოდიან დოკუმენტურ სერიალში მომღერალმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, მათ შორის — წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. ჯენეტის თქმით, ამ პრობლემებს ხელი ძმის, მაიკლ ჯექსონის კომენტარებმაც შეუწყო.
ჯენეტმა აღნიშნა, რომ წონის გამო მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ 11 წლის ასაკიდან დაეწყო, როცა სიტკომ Good Times-ში მონაწილეობდა. ბავშვობაში მიღებულმა სტრესმა კი "ემოციურ მჭამელად" აქცია.
"ემოციური მჭამელი ვარ, ამიტომ როცა რაღაც მაწუხებს, ჭამა მამშვიდებს. Good Times-ში მონაწილეობა წონასთან დაკავშირებული პრობლემებისა და იმ აზრის დასაწყისი იყო, რომელიც ჩემს გარეგნობაზე მქონდა. ადრეული მომწიფების გამო მკერდი მეზრდებოდა, ისინი კი სხეულს სახვევებით მიკრავდნენ, რათა მკერდი უფრო ბრტყელი გამოჩენილიყო", — ამბობს მომღერალი.
ჯენეტის თქმით, პრობლემებს ხელს მაიკლ ჯექსონის კომენტარებიც უწყობდა. მაიკლი დას წონის გამო დასცინოდა და მეტსახელებს ურჩევდა.
"იყო დრო, როცა მაიკი მაჯავრებდა და მეტსახელებს მეძახდა — "ღორი", "ცხენი", დასაკლავი ტახი", "ძროხა". იცინოდა და სიცილში მეც ვყვებოდი, მაგრამ სინამდვილეში გულნატკენი ვიყავი. როცა ვიღაც გეუბნება, რომ ზედმეტად მძიმე ხარ, ეს შენზე მოქმედებს", — იხსენებს ჯენეტი.
ამის მიუხედავად, ჯენეტის თქმით, ძმასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო მოგვიანებით შეიცვალა.