Netflix-ის პირველმა არაბულმა ფილმმა, გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, ეგვიპტელთა იმდენად მწვავე რეაქცია გამოიწვია, რომ კრიტიკოსები პლატფორმის აკრძალვას ითხოვენ, - ამის შესახებ France 24 წერს.
ფილმი (Ashab wala Aaz) იტალიური ფილმის - „იდეალური უცნობების“ არაბული ვერსიაა. მასში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები ლიბანიდან, ეგვიპტედან და იორდანიიდან.
ფილმი მოგვითხრობს მეგობრების ჯგუფზე, რომელიც ვახშამზე იკრიბება. იმისთვის, რომ ღამე სახალისოდ გაატარონ, შეკრებილები გადაწყვეტენ, ყველა მიღებული ტექსტური შეტყობინება თუ სატელეფონო ზარი მეგობრებსაც გაუზიარონ.
მოვლენების განვითარებასთან ერთად, თამაში მეგობრების შოკისმომგვრელ საიდუმლოებს ავლენს - მეუღლის ღალატს, ქორწინებამდე სექსს, ჰომოსექსუალობასა და მრავალ ისეთ ქმედებას, რაც ეგვიპტეში ტაბუდადებულია.
ფილმი 20 იანვარს გამოვიდა.