საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ დაპირებისამებრ გახსნა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, რაც მათი ვარაუდით, საქართველოში მკვეთრად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს.
„დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ჩვენ ახლა იმპორტიორებისგან მოლოდინი გვაქვს, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჩართულია აქტიურად. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, რომ დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან გააიაფებს მედიკამენტებზე ფასებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
for.ge-მ თურქული აფთიაქების ვებ-გვერდებზე შეადარა იმ წამლების ფასები, რომელიც საქართველოში მოთხოვნადია და აღმოჩნდა, რომ ფასთა სხვაობა საკმაოდ დიდია.
მაგალითად: „ენაპი“ თურქეთში 20 ტაბლეტი 20 ლირა ღირს, ეს კი ქართულ ვალუტაზე 4,14 ლარია, იგივე მედიკამენტი საქართველოში 8,65 ლარი ღირს. „კაპტროპილი“ 23 ლირა, ანუ 4, 76 ლარი, საქართველოში იგივე მედიკამენტი 8 ლარიდან 13 ლარამდე მერყეობს, გააჩნია რამდენ მილიგრამიანი სურს მომხმარებელს. „ულსეპანს“ თურქეთში 14 აბში 3 ლირას გადაიხდით, რაც 0.62 ლარია, იგივე წამალი ქართულ ბაზარზე 35, 76 ლარი ღირს. „ნექსიუმი“ - 8,70 ლირა, ანუ 2.82 ლარი ღირს, საქართველოში კი 24,45 ლარი . „ვიტამინი ბე-12“ თურქეთში 84 ლირად შეიძენთ, რაც 17,40 ლარია, ხოლო საქართველოში კი აღნიშნულ ვიტამინს 25 ლარად იყიდით. სახსრების ტკივილისთვის ცნობილი მედიკამენტი „კოლეგანი“ თურქეთში 150 ლირა, ანუ 31 ლარი ღირს, იგივე მედიმანეტი ქართულ ბაზარზე 99,64 ლარად ნახავთ.
ჩამონათვალი საკმადო დიდია და ამიტომ ყველას ფასების შედარებას ვერ მოვახერხებდით.
ის, რომ თურქეთის სააფთიაქო ბაზრის გახსნა ქართველი მომხარებლისთვის საუკეთესო ვარიანტია ამაზე ყველა თანხმდება და ამას აღნიშნავს for.ge-თან საუბარში ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძეც.
„თურქეთის სააფთიაქო ბაზრის გახსნა ქართულ აფთიაქებს არ დააზარალებს, პირიქით კონკურენციას შეუწყობს ხელს. რაც მთავარია მომხმარებელი მოიგებს. რა თქმა უნდა, თურქეთში თუ ერთი წამალი 4 ლარი ღირს, იგივე ფასით ვერ იქნება საქართველოში, რადგან მას ფასთა ნამატი ექნება - მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს დისტრიბუციას, შემოტანის, ტრანსპორტირების ხარჯებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ფასზე აისახება. ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს ქართულ წარმოებასთან დაკავშირებით, ესეც იმ მხრივ, რომ კონკურენცია იქნება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფასების სხვაობა ძალიან დიდია და ნებისმიერ შემთხვევაში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები იაფი იქნება“, - გვითხრა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და უმრავლესობის წევრს ლადო კახაძეს ვკითხეთ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენებმა შესაძლოა გამოიწვიოს თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული სააფთიაქო ბიზნესის მხრიდან პროტესტი? ხელისუფლების წარმოამდგენელი for.ge-ს ამ კითხვას ასე აფასებს: „პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ასეთი სწორი და შინაარსიანი კითხვისთვის. პირველი - პრემიერის გადაწყვეტილება არის სწორედ ამის მოწესრიგება. ანუ, მთლიანად სამთავრებო სტრუქტურის ზრახვა არის, რომ მოწესრიგდეს სააფთიაქო სისტემა, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაცას მათრახი მოხვდეს. მე ყველა ადამიანს ვუყურებ, როგორც პოტენციულ პაციენტს და მთავრობა უნდა ზრუნავდეს პოტენციული პაციენტის მდგომარეობაზე. აქ საუბარია ეკონომიკურ ფაქტორზე. სწორედ ეს პრობლემა დაინახა პრემიერმა, რომელმაც შექმნილი ვითარება კარგად გაზომა. სახელმწიფო იმიტომ გვქვია ჩვენ, რომ პაციენტს გაჭირვების დროს მოვუგვაროთ პრობლემები და დავუდგეთ გვერდში.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, სავსებით სწორი კითხვაა. შეიძლება ვიღაცას აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოეწონოს. შეიძლება ვიღაცის ეკონომიკა დააზიანოს, მაგრამ მაშინ კითხვა გაჩნდება - ამ ეკონომიური ზიანის უკან რა დგას? გაბერილი ფასები? არასწორი ფასწარმოქმნა? ბევრი არასწორი იქნება. ის რაც სწორად არ იყო დანახული, ახლა გამოსწორდება. ამ გასწორების დროს კი, სარგებელს იპოვნის მხოლოდ პოტენციური პაციენტი“.
ლადო კახაძეს ასევე ვკითხეთ თუ როგორ უნდა დარეგულირდეს სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მიერ გამოწერილი ერთი და იგივე მოქმედების მქონე წამლის სხვადასხვა დასახელებით გამოწერა პაციენტეისთვის და მათი მხრიდან ასევე პაციენტებისთვის გამოწერილი საკმაოდ გრძელი სია მედიკამენტების, რომელსაც მოქალაქე აფთიაქებში საკმაოდ ძვირად ყიდულობს?
„რომ არ დაგეთანხმოთ არ შემიძლია. ამ შემთხვევაში ჩემი ასაკის ექმიების სატკივარს აქვს ადგილი. ვინც ჩემს ასაკშია, ყველა ექიმი ერთი და იგივეს ჩივის - ფარმაცია, რომელიც არის უდიდესი მონაპოვარი ავადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, სამწუხაროდ, გზა შეიცვალა. სამწუხაროდ შეიცვალა იმ მხრივ, რომ დღეს უკვე მთლად სამედიცინო განზრახვით აღარ არის ნაფიქრი და მხოლოდ ბიზნესის სახე აქვს მიცემული. ამას კი ჩვენს ენაზე პოლიპრაგმაზია ჰქვია, ანუ ერთი ავადობის წინააღმდეგ მებრძოლ წამალთა რაოდენობის გაზრდა პარალელურ რეჟიმში. სამწუხაროდ, პაციენტმა ეს არ იცის. პაციენტი ექიმს ენდობა, ხოლო ექიმმა პაციენტის განკურნება ანგარების მიზნით არ უნდა იკადროს“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.