საქმეები, რომლებიც ამ წელს უნდა მოესწროს

საქმეები, რომლებიც ამ წელს უნდა მოესწროს

[მოამზადა გოჩა ჯელიამ]

ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა ”ფორბსმა” გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი საქმეების სია, რომლებიც მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა შესრულდეს. მათი შესრულება ერთი დღითაც კი არ უნდა დაგვიანდეს, რადგან 2011 წლის პირველი იანვრიდან მათი გაკეთება უკვე უაზრობა იქნება და ზოგ შემთხვევაში საშიშიც კი. 

მაგალითად, რუსეთში კურდღლის წლის დადგომამდე უნდა მოასწრონ ას ვატიანი ნათურებისა და გაყინული ქათმის ყიდვა, ისრაელში - მტკნარი წყლის თევზის დაჭერა, ხოლო პარიზის ქუჩებში მუსლიმანური ჩადრით სეირნობა. 

2011 წლის პირველი იანვრიდან მოსკოვში აიკრძალა ას ვატიანი ნათურების გაყიდვა. ამის შესახებ საუბარია ”ენერგომომარაგების” ახალ კანონპროექტში. სავაჭრო ქსელში თანდათანობით გაქრება სხვა არაეკონომიური ნათურებიც. მსოფლიო ლიდერი, ენერგომოხმარების  დაბალი მაჩვენებლის მხრივ, ინგლისია. იქ ჯერ კიდევ 2009 წელს აიკრძალა 75 და 100 ვატიანი ნათურები, ხოლო 2011 წლის პირველი იანვრიდან უნდა იაკრძალოს 40 ვატიანზე ძლიერი ნათურებიც. 

ახალი წლიდან საფრანგეთში ძალაში შევა კანონი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუსლიმანური ჩადრის ტარების აკრძალვას.  გადაწყვეტილების ავტორები თვლიან, რომ მუსულმანი ქალბატონების ტანსაცმლის ატრიბუტი - ჩადრი, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს და მხოლოდ თვალების ადგილას არის გაჭრილი, შაჰიდებისათვის ერთგვარი შენიღბვაა. 

ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ევროს ოდენობით. მნიშვნელოვნად დიდია ჯარიმა მამაკაცებისათვის, რომლებიც ქალბატონებს ჩადრის ტარებას აიძულებენ. მათთვის 30 ათასი ევროა გათვალისწინებული ჯარიმის სახით. 

ისრაელში თევზჭერა შესაძლებელია მხოლოდ 2011 წლის პირველ იანვრამდე. ამ დღეს ძალაში შედის კანონი, რომელიც მიხედვითაც ხელისუფლებამ აკრძალა თევზაობა ისრაელის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტბა კინერეტში და მდინარე იორდანეში. 

დამდეგი წლიდან, ესპანეთის ბარებში, კაფეებსა და რესტორნებში სიგარეტს ვეღარ მოწევენ. ამგვარი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დეკემბრის დასაწყისში მიიღო, მაგრამ ესპანეთის მთავრობამ გაითვალისწინა მოსახლეობის საახალწლო განწყობა და აღნიშნული კანონი ძალაში მხოლოდ 2011 წლის ორ იანვარს შევა. 

ახალი წლიდა,ნ განაში საერთოდ შეწყდება მეორადი მაცივრების იმპორტი და მათი გაყიდვა სხვადასხვა ქსელების მეშვეობით. დაახლოებით იგივე სიტუაციიაა ყაზახეთშიც, მხოლოდ ავტომობილებთან დაკავშირებით. 2011 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც კრძალავს ყაზახეთში ისეთი ავტომობილების შეყვანას, რომელიც არ შეესაბამება ევრო-3-ის სტანდარტებს. 

რუსეთში ჯერ კიდევ შესაძლებელია გაყინული ქათმის შეძენა, მაგრამ პირველი იანვრიდან ქვეყანაში აიკრძალება ფრინველის გაყინული ხორცით ვაჭრობა. ახალი წლიდან მომხმარებელმა მაღაზიებში მხოლოდ ახალი ან ”შეგრილებული” ხორცი უნდა შეიძინონ. 

ჟურნალ ”ფორბსის” ამ ჩამონათვალში შეიძლებოდა მოხვედრილიყო საქართველოში, ქალაქის პირობებში ავტომობილებში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების დაკანონება. თუმცა ეს სიახლე სიის კანდიტატი შეიძლება იმიტომაც ვერ გახდა, რომ  ჩვენმა კანონმდებლებმა ადაპტაციისათვის ახალ წლამდე რამდენიმე კვირა დაგვითმეს.