დღეს დილით გამოცემა „Goal.com” ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველ ანდრეა პირლოს ესაუბრა.
33 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მომავალ წელს დაგეგმილი „მუნდიალი-2014“-ის შემდეგ „სკუადრა აძურაში“ გამოსვლას ოფიციალურად დაასრულებს.
„ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება მივიღე, რომ იტალიის ეროვნულ გუნდში უკანასკნელად ბრაზილიაში დანიშნულ მსოფლიო პირველობაზე ვიასპარეზებ.
ამ შეჯიბრების დასრულების შემდეგ ნაკრების მაისურს აღარ მოვირგებ და გზას ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავუთმობ. უკვე 33 წლის გახლავართ და დროა ახალ თაობას თავის გამოჩენის შესაძლებლობა მივცე.“ - განაცხადა ანდრეა პირლომ.
„სკუადრა აძურას“ რიგებში ანდრეა პირლო 2002 წლიდან ასპარეზობს. ეროვნული გუნდის ღირსება 97 შეხვედრაში დაიცვა და საკუთარ აქტივში 11 გოლი მიითვალა. ის მსოფლიოს 2006 წლის პირველობის გამარჯვებული და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახლავთ.