მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიუნჰენის „ბაიერნს“ ჩაიბარებს.
წელს გერმანული კლუბი ბრწყინვალედ ასპარეზობს და იუპ ჰეინკესის გათავისუფლება ალბათ გუნდის ხელმძღვანელობის სინდისზე უნდა იყოს. სიმართლე ითქვას და გვარდიოლას დახმარება „ბარსელონას“ უფრო სჭირდება.
გუშინ გამოცემა „Goal.com” პეპ გვარდიოლას ესაუბრა. ფეხბურთის სპეციალისტმა განაცხადა რომ კატალონიის დედაქალაქში დაბრუნებას კატეგორიულად არ აპირებს.
„ყოფილ გუნდში არაერთი შესანიშნავი წელი გავატარე. თავდაპირველად მოთამაშის რანგში გამოვდიოდი, შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობა ვიტვირთე. ფეხბურთელებთან ჩინებული ურთიერთობა გამაჩნდა. 2008 წლიდან ესპანეთის პირველობის გამარჯვებულის წოდება სამჯერ მოვიპოვეთ, ორჯერ ქვეყნის თასს დავეუფლეთ. ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კი ორჯერ ვიმარჯვეთ.
გასულ წელს აღმოვაჩინე რომ ძალიან დავიღალე და მცირე ხნით დასვენება მესაჭიროებოდა. ალბათ გიკვირთ კატალონიის დედაქალაქში რატომ არ დავბრუნდი. ამ გუნდში ყველაფერს უკვე მივაღწიე და ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მჭირდებოდა.
ხშირად მეკითხებიან, ადრე თუ გვიან „ბარსელონაში“ თუ დავბრუნდები. მინდა განვაცხადო, რომ ამ გუნდს არასოდეს გავწვრთნი. ეს კლუბი ჩემი ცხოვრების გავლილი ფურცელია და მას აღარასოდეს გავიმეორებ“. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.