ლამის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ჯ.რ.რ. ტოლკინის საკულტო ფენტეზის სამყაროს შესახებ სერიალის გადაღებას აპირებდნენ, თუმცა სხვა ყველა დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ ვარაუდების იმედად ვიყავით.
სულ ახლახან გამოქვეყნებული ცხელ-ცხელი ვიდეოთი კი შოუს შემქმნელებმა მომავალი სერიალის ოფიციალური სახელწოდება გაგვიმხილეს: The Lord of the Rings: Rings of Power (ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები)
როგორც ვარაუდობდნენ, ახალი სერიალის სიუჟეტი იმ მოვლენებამდე ათასწლეულებით ადრე განვითარებულ ამბებზე მოგვითხრობს, რომლებიც პიტერ ჯექსონის ფილმების აღიარებულ ტრილოგიაში აქამდე გვინახავს.
ზემოთ მოცემულ ვიდეოსთან ერთად გავრცელებულ მოკლე აღწერაში ვკითხულობთ, რომ სერიალის სიუჟეტი შუახმელეთის მეორე ეპოქის ისტორიას აღწერს, რომელშიც როგორც ნაცნობ, ისე ახალ პერსონაჟებს შევხვდებით.
ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ ბეჭდების მბრძანებლის სერიალის გადაღება, რაც ფილმების მსგავსად ძირითადად ახალ ზელანდიაში მიმდინარეობდა, 500 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.
ვიცით სამსახიობო გუნდის ძირითადი შემადგენლობაც: მთავარ როლებს შეასრულებენ რობერტ არამაიო, ჯოზეფ მოული, ოვეინ ართური, მორფიდ კლარკი, ემა ჰორვატი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ სერიალის პრემიერას განსაკუთრებულად ელოდება კომპანია Amazon-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსიც:
"ერთი სული მაქვს, როდის ნახავთ", — დაწერა მან ტვიტერის პირად ანგარიშზე.
სერიალის პრემიერა 2 სექტემბერსაა დაგეგმილი.