ლუი ანდერსონი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
"საკულტო კომიკოსი ლუი ანდერსონი ამჟამად ლას-ვეგასის საავადმყოფოშია და დიფუზური B უჯრედოვანი ლიმფომის წინააღმდეგ მკურნალობს, რაც კიბოს ერთ-ერთი სახეობაა. პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს", — ვკითხულობთ საავადმყოფოს განცხადებაში.
დიფუზური B უჯრედოვანი ლიმფომა კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. მარტო აშშ-ში ყოველწლიურად ამ დიაგნოზს 18 ათასზე მეტ ადამიანს უსვამენ. იმის მიუხედავად, რომ დიფუზური B უჯრედოვანი ლიმფომა არა-ჰოჯკინის ლიმფომის აგრესიული სახეა, დაავადება მაინც "პოტენციურად განკურნებადად" ითვლება.
ლუი ანდერსონმა ქართველ მაყურებელს თავი ანიმაციური სერიალიდან Life With Louie გააცნო, რომელიც აშშ-ში 1994-1998 წლებში გადიოდა და კომიკოსმა ორი ემის ჯილდოც დაიმსახურა. ლუი ანდერსონი ათწლეულების განმავლობაში მრავალ სატელევიზიო გადაცემაშიც იღებდა მონაწილეობას და ცნობილი შოუს, სახელად Family Feud, წამყვანი იყო 1999-2002 წლებში.