აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კიევში ვიზიტის დროს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასული წლის დეკემბერში 200 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარება დაამტკიცა ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისთვის. როგორც ვთქვით, ჩვენ ერთგულნი ვართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.