„ნაციონალური მოძრაობა“ განათლების სამინისტროს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, უფასო სახელმძღვანელობის დიდი ნაწილი ჟურნალისტის, შორენა შავერდაშვილის მამისა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის სტამბებში იბეჭდება.
როგორც for.ge-ს გოგორიშვილმა განუცხადა, განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის უფასოდ დარიგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც ერთი შეხედვით, ყველასთვის მოსაწონია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს კორუფციული გარიგებების შესაძლებლობა გახდა.
„მინისტრმა ეს გადაწყვეტილება 8 აპრილს გამოაცხადა, რის შემდეგაც თქვა, რომ სამინისტრო ტენდერს არ ჩაატარებს, სტამბების ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა მოხდება და სტამბა ასე შეირჩევა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ითქვა, რომ უკვე ოთხი სტამბა შერჩეულია. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ, ამ ოთხმა სტამბამ, მინიმუმ ორი კვირით ადრე იცოდა, რის გამოც, მათ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება შექმნეს, რომელიც 29 მარტით თარიღდება. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ გაერთიანება ათი დღით ადრე შექმნეს - „ფავორიტ პრინტმა“, „ფორმამ“, „სეზანმა“ და „ენვეპემ“. საგულისხმოა ისიც, რომ ამ სტამბების წარმომადგენლები არ მალავენ და ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის ადრეც იყო ცნობილი და ისინი ამისთვის ემზადებოდნენ კიდეც“, - აცხადებს გოგორიშვილი.
კანონმდებელის შეფასებით, აღნიშნული სტამბებიდან მინიმუმ ორი - „სეზანი“ და „ფავორიტ პრინტი“ ნამდვილად არ არის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლის შედეგად შერჩეული.
„სეზანი“ „ოცნებასთან“ დაახლოებული ჟურნალისტის, შორენა შავერდაშვილის მამას ეკუთვნის, რომელიც ფირმის 100%-იანი წილის მფლობელია. რაც შეეხება მეორე ფირმას „ფავორიტ პრინტს“, მისი ხელმძღვანელი ივანე თევდორაშვილია, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმა გახლავთ. ალბათ, გახსოვთ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიდრე მინისტრის მოადგილე გახდებოდა, ბანკი „ქართუს“ დირექტორის მოადგილე იყო. ასევე ერთი ნიუანსია ის, რომ ამ შეკვეთიდან ყველაზე დიდი წილი - 40 პროცენტი სწორედ ამ სტამბამ აიღო“, - აღნიშნავს დეპუტატი.
გოგორიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ განათლების მინისტრს სადეპუტატო შეკითხვით უკვე მიმართეს, თუმცა, ჯერჯერობით, მისგან პასუხი არ მიუღიათ და ვიცე-პრემიერს პასუხისთვის კიდევ ორი სამუშაო დღე აქვს.
„ტენდეცია გამოიკვეთა იმისა, რომ თანანმდებობრებზე ინიშნებიან „ოცნების“ ლიდერების ნათესავები და მეგობრები და ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ ახლა მეორე ტენდეცია წამოვიდა - ტენდერი იქნება თუ არა, სახელმწიფო შეკვეთებს „ოცნების“ ლიდერები, აქტივისტები და მათი ახლობლები იღებენ. ეჭვებს ის აჩენს, რომ ტენდერი არ ჩატარდა და პირპდაპირ ოთხი სტამბა შეირჩა, საიდანაც ორი სტამბის მფლობელი მათი ახლობელია“, - განუცხადა for.ge-ს გოგორიშვილმა.
განათლების კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც for.ge-ს ჩაფიძემ განუცხადა, ამ ბრალდებებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და პირიქით, ნაციონალებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც სახელმძღვანელოების ბეჭდვას ლობირებდნენ.
„აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ხათუნა გოგორიშვილს შეუძლია სხვის კორუფციაზე ისაუბროს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს სიტყვები უყურადრებოდ არ დარჩეს, სამინისტროს მივმართავ რეაგირება მოახდინოს“, - აცხადებს ჩაფიძე.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით, განათლების სამინისტრომ ტენდერი უნდა ჩაატაროს.
„მარგველაშვილს თხოვნით მივმართავ, რომ ტენდერი ჩაატაროს და საუკეთესო კომპანიები გამოავლინოს. რაც შეხება გოგორიშვილის განცხადებას, ეს ტყუილია, რადგან შორენა შავერდაშვილი ჩვენი მხარდამჭერიც არ არის“, - დასძინა დეპუტატმა.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ბრალდებას, შორენა შავერდაშვილიც გამოეხმაურა და „სეზანის“ საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„სტამბა „სეზანი”, რომელიც 1994 წლიდან არსებობს და ერთ-ერთი პირველი იყო პოლიგრაფიულ ბაზარზე, მართლაც მამაჩემს, ტარიელ შავერდაშვილს ეკუთვნის. არსებობის თითქმის 20 წლის მანძილზე, „სეზანი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული სტამბა გახდა, თავისი ტექნიკური აღჭურვილობითა და გამოცდილებით. „სეზანთან” წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებები და პოლიტიკური პარტიები (მათ შორის, „ნაციონალური მოძრობა“), ისე კერძო კომპანიები, პატარა თუ დიდი გამომცემლები. „სეზანის” კლიენტები ვართ ჩვენც, სადაც უკვე 9 წელია ჩვენი გამოცემები ჟურნალი „ლიბერალიც“ იბეჭდება, არა უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა. ჩვენც ისეთივე გადამხდელები ვართ სასტამბო მომსახურების, როგორც „სეზანის“ სხვა კლიენტები“, - აცხადებს შავერდაშვილი.
„ლიბერალის“ რედაქტორი განმარტავს, რომ „სეზანი” ასევე წლებია სახელმძღვანელოებს ბეჭდავს.
„გამონაკლისი მხოლოდ ბოლო წლები იყო, როცა „შაშკინის განკარგულების” თანახმად და გამომცემლებთან არაოფიციალური მოლაპარაკების საფუძველზე, ყველა სახელმძღვანელო ერთ სტამბაში, „24 საათის” სტამბაში დაიბეჭდა და ამით ბაზარზე ხელოვნური მონოპოლისტი შეიქმნა. 2011 წელს ხელისუფლების პოლიტიკის მსხვერპლი სწორედ სტამბები იყვნენ. ამჯერად, განათლების სამინისტრომ სათანამშრომლოდ ოთხი სტამბა შეარჩია და ძირითად კრიტერიუმად სტამბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაასახელა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სახელმძღვანელობის ბეჭდვის პროცესში, დრო და სისწრაფე, ხარისთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ოთხ სტამბაშია „24 საათის” სტამბაც, რომელიც წარმადობით ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ვეჭვობ, „24 საათის“ სტამბა ახალი ხელისუფლების „ფავორიტების“ ნუსხაში შედიოდეს. ხათუნა გოგორიშვილმა კი ის რატომღაც არ დაასახელა. აქვე აღვნიშნავ, რომ „სეზანი” სახელმძღვანელობის მხოლოდ 10 პროცენტს დაბეჭდავს და ეს ვერანაირად ვერ არის „დიდი ნაწილი“, როგორც ამას ქალბატონი ხათუნა აღნიშნავს. სამწუხაროა, რომ პარლამენტარი, რომელიც, წესით, კარგად იცნობს ჩემი ოჯახის წევრებს და მათ საქმიანობას, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს“, - აღნიშნავს შავერდაშვილი.