პეტრო პოროშენკო: ჩემს პასპორტს 15 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა უკრაინაში ჩემი შესვლა არ დაეშვათ - ასე ეშინიათ ჩვენი

პეტრო პოროშენკო: ჩემს პასპორტს 15 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა უკრაინაში ჩემი შესვლა არ დაეშვათ - ასე ეშინიათ ჩვენი

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ის აეროპორტში იმიტომ არ დააკავა, რომ მას თან უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები ახლდნენ.

„15 წუთის განმავლობაში სამართალდამცველები არაკანონიერად ცდილობდნენ უკრაინაში ჩემი შესვლა არ დაეშვათ. ჩემს პასპორტს 15 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა უკრაინაში არ შევსულიყავი. ასე ეშინიათ ჩვენი“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო კონტროლის გასვლის დროს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პასპორტი ჩამოართვეს, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა.