პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატის ბრალდებაზე: მე ვარ ოპოზიციის ლიდერი, მეხუთე პრეზიდენტი, ვებრძოდი პუტინს და შევქმენი უკრაინული ჯარი

პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატის ბრალდებაზე: მე ვარ ოპოზიციის ლიდერი, მეხუთე პრეზიდენტი, ვებრძოდი პუტინს და შევქმენი უკრაინული ჯარი

ჩემს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაში შემიშალოს ხელი, ვინაიდან მისი მთავარი კონკურენტი ვარ, - ამის შესახებ Politico-სთან ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„მე ვარ ოპოზიციის ლიდერი და ყველაზე დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მაქვს. მე ვარ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი და ადამიანი, რომელმაც პუტინთან ბრძოლით საკუთარ გუნდთან ერთად უკრაინა ყველაზე რთულ დროს გადაარჩინა. მე შევქმენი უკრაინული ჯარი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც უკრაინა ევროკავშირს დაუახლოვა. მე შევიტანე უკრაინის კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსი. პუტინი ჩემი მტერია და უკრაინის მტერია. ახლა ვხვდები, რომ პუტინი ევროპის და მთელი თავისუფალი სამყაროს მტერია“, - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, გამოძიება, რომელიც მის წინააღმდეგ არის დაწყებული, სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკის მფარველის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის მხრიდან შურისძიებაა.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. პეტრო პოროშენკო ქვეყანაში დაბრუნებას უახლოეს დღეებში გეგმავს.