“ომი მშვიდობაა, ძალა არცოდნაშია, მონობა თავისუფლებაა“

“ომი მშვიდობაა, ძალა არცოდნაშია, მონობა თავისუფლებაა“

[თათია კობიძე]

ვიდრე ძირითად თემაზე საუბარს დავიწყებდე, ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ბოლო დროს რამდენჯერმე დამისვეს კითხვა: „ოპოზიციონერი გახდი? სულ კრიტიკულ სტატიებს წერ...“

მე გიპასუხებთ: „ნამდვილი ჟურნალისტი ყოველთვის ოპოზიციონერია.“

უფრო გასაგებად რომ ავხსნა, რამდენიმე სიტყვით ჟურნალისტიკის პრინციპების შესახებ დავწერ. არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ობიექტურობის ცნება? ბევრი თქვენგანი, ალბათ, მიპასუხებს, რომ არ არსებობს და საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად კონსტრუქტივისტულ თეორიებსა და ინდივიდის სუბიექტურ აღქმას  მოიშველიებს, მაგრამ მე გიპასუხებთ, რომ არსებობს.  

ჟურნალისტის ობიექტურობა, ჩემი აზრით, სწორედ იმით გამოიხატება, რომ წერო იმ თემებსა და მოვლენებზე, რომლებიც აქტუალურია და საზოგადოების ყურადღება მიმართო იმ  საკითხებისკენ, რომელთა შესახებ ხალხის დიდ ნაწილს ხშირად არაზუსტი ან არასაკმარისი ინფორმაცია აქვს.

ტრაფარეტულად ჟღერს, მაგრამ რეალობაა: მედია უნდა იყოს სიგნალის მიმცემი საზოგადოებისა და ხელისუფლებისათვის და თუ დღეს ქართული ბეჭდური და ინტერნეტ მედიის წარმომადგენელთა (ტელეჟურნალისტებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.) ნაწილი დითირამბებს არ უძღვნის ხელისუფლებას,  სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან და გატარებული რეფორმების ავკარგიანობას სათანადოდ ვერ აფასებენ.  

უმრავლესობა და ოპოზიცია იქით იყოს და, ოდესმე თავი წიგნის გმირად წარმოგიდგენიათ? უნდა ვაღიარო, რომ ამ ბოლო დროს მე ხშირად მეჩვენება, რომ ერთ-ერთი წიგნის გმირი ვარ, უფრო მეტიც, ყველანი ამ წიგნის გმირები ვართ. წიგნის, რომლის ყდაზეც  დიდი ასოებით აწერია: ომი მშვიდობაა, ძალა არცოდნაშია, მონობა თავისუფლებაა. ეს ჯორჯ ორუელის „1984“-ა. ამ წიგნის წაკითხვას ყველა დამწყებ პოლიტოლოგს ავალებენ, რათა კარგად გაიაზრონ როგორია ტოტარიტარული და ავტორიტარული სახელმწიფოები, ანუ როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფო XXI საუკუნეში.

დამეთანხმებით და, სამარცხვინოა ჩვენს ეპოქაში, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტები ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ დემოკრატიის მშენებლობას ახსენებენ, ადამიანის ძირითადი უფლებებისათვის ვიმაღლებდეთ ხმას, თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით. ვიბრძვით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან დამოუკიდებელ საქართველომდე,  ცხრიდან ცხრამდე, ომიდან ომამდე, ვიბრძვით ოცი წლის შემდეგაც, ისევ რეჟიმის წინააღმდეგ.

როდესაც წიგნის ყდაზე დაწერილი ფრაზები ამოვიკითხე, გამიკვირდა როგორ შეიძლებოდა ომი მშვიდობა ყოფილიყო, მაგრამ მერე აგვისტოს ომი იყო და ზუსტად მივხვდი რაც იგულისხმებოდა ამ ფრაზაში. რამდენი კვლევის დასვკნა დაიდო მე მაინც ვერ ან არ მივხვდი ვინ დაიწყო ომი, მაგრამ ფაქტია, რომ  ომის შემდეგ რამდენიმე თვე შიდა პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა.

2 სექტემბერს  მხარდამხარ იდგნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები  ცოცხალ ჯაჭვში და ერთმანეთს გულზე მჯიღის ცემით ეჯიბრებოდნენ სამშობლოს სიყვარულში. აბა ვინმეს რუსეთის აგენტობას ხომ არ დააბრალებინებდნენ! მერე რა, რომ 7 ნოემბერი სულ რაღაც 9 თვის წინ იყო, „იმედი“ დარბეული და ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სკანდალებიც ჯერ კიდევ აქტუალური. იმ დროს  არავის ჰქონდა მტყუან-მართალის გარკვევის დრო და არც სიტყვის თავისუფლების დასაცავად ეცალა ვინმეს. ომში წარსულ წყენას ივიწყებენ. ამიტომაც გამოვიდა ზოგის ომი მშვიდობა...

ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის ყველაზე ძლიერი ბერკეტები კონტროლი და პროპაგანდისტული მანქანებია. ამისათვის კი, საჭიროა აკონტროლო ყველა და ყველაფერი. ხერხი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგალითად დავაყენოთ კამერები ყველგან, გვყავდეს პატრული, რომელიც არასდროს არის „საჭირო დროს საჭირო ადგილას“ და ხელში ჩავიგდოთ ყველა მედიასაშუალება, რომელიც სულ ცოტა გავლენას მაინც ახდენს მსმენელზე, მაყურებელსა თუ მკითხველზე.

ამიტომაც იხურება ასე ერთმანეთის მიყოლებით და არც თუ ისე სანდო არგუმენტებით მედიასაშუალებები. თუ სწორად მახსოვს, სწორედ 2003 წელს დაიხურა „60 წუთი“, გადაცემა, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებების ციკლს მოიცავდა. მერე ნელ-ნელა მიყვა ის გადაცემები, რომლებიც განსხვავებული აზრის წარმოჩენას ცდილობდნენ. პლურალიზმი არაა ქართული სიტყვა და რად გვინდა ბარბარიზმებიო, ასე არ უთქვამთ, მაგრამ ალბათ პლურალიზმის გაქრობის მოტივი ასეთივე კეთილშობილური იყო, არავითარი ბოროტი განზრახვა...

კეთილშობილური მოტივებითვე შუქდება დღეში რამდენჯერმე ქართულ ტელეარხებზე პრეზიდენტის მიმართვები, ბრიფინგები, შეხვედრები და ახალი რეფორმების პრეზენტაციის მოსმენაც სულ უფრო და უფრო ხშირად გვიწევს. მართალია ხანდახან სულაც არ არის საჭირო ყველაფრი პრეზიდენტმა წარადგინოს, მაგრამ ეს ხომ თავის შეხსენების კიდევ ერთი საშუალებაა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება მაშინ, როდესაც კარგად ვიქცევით და მაშინაც, როცა რამეს ვაშავებთ. (კარგად მოქცევის შემთხვევაში პრეზიდენტი გვაქებს, ქვეყნის წარმატებებზე საუბრობს, გზებს გვიგებს, მართალია მათი უმეტესობა მალევე ფუჭდება და რომამდე ვერ ჩავალთ, მაგრამ გორში რომ მივდივართ უსაფრთხოდ, ესეც კარგია. წინა პრეზიდენტის დროს ხომ გორამდეც ვერ ვაღწევდით. ცუდად მოქცევისას კი, სამაგალითოდ ისჯება დამნაშავე და მისი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ნახვა  სულ მცირე რამდენჯერმე მაინც გვიწევს. უნდა ვიცოდეთ რა გველის როცა რამეს ვაშავებთ.)

პრეზიდენტის გამოჩენა ეთერში არავის უკვირს ოჯახის წევრივით გვყავს და ყოველ ჩვენს საქციელს დადებითად ან უარყოფითად აფასებს და მე პირადად, მაქვს შეგრძნება, რომ  ვიღაც ყოველთვის მითვალთვალებს. ვიღაც, როგორც წესი, მანდატურია. თუ თქვენი ოჯახის  რომელიმე წევრი სკოლაში დადის, იცოდეთ, რომ თქვენს შესახებ ყველაფერი იციან მანდატურებმა. სად მუშაობენ მისი მშობლები, პოლიტიკაზე თუ ლაპარაკობენ სახლში და სხვა „წვრილმან“ ცნობებს ზოგი სამტრედიის კოლონიის შიშით,ზოგი კი  გულუბრყვილობით უყვება მანდატურს. ასე, რომ იცოდეთ  Big Brother Is Watching  You! (დიდი ძმა გითვალთვალებთ!)

სხვა რაღა დავამატო, ამ წიგნზეც და ჩვენზეც იმდენის დაწერა შემიძლია, რომ ახალი წელიც მოგვადგება კარზე. ახალ წელს გილოცავთ და ერთ რჩევას მოგცემთ: თუ საახალწლოდ გამართულ ღონისძიებებზე წახვალთ აუცილებლად გაიღიმეთ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხომ ასე იქცევიან და არ დაგავიწყდეთ Big Brother Is Watching You! (დიდი ძმა გითვალთვალებთ!)