მიხეილ სააკაშვილი: მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი, განსაკუთრებული და არატილიანი საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი, განსაკუთრებული და არატილიანი საქართველო

ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მნიშნავდნენ მთავრობის თავმჯდომარედ, მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი, განსაკუთრებული და არატილიანი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე, რომელიც სქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის თქმით, ის „თანამდებობების ხამი“ არ არის.

„შარშან ამ დროს მთავარი კამათის თემა უკრაინაში იყო სააკაშვილი იქნება თუ არა უკრაინის პრემიერ-მინისტრი. მინდა შეგახსენოთ, შარშან ამ დროს მე წარმადგინეს უკრაინის ვიცე-პრემიერობაზე. ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მნიშნავდნენ მთავრობის თავმჯდომარედ. მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი და განსაკუთრებული და არატილიანი საქართველო, არაგაუბედურებული, არაგაღარიბებული და არამიწასთან გასწორებული. საქართველოს წარმოუდგენელი პერსპექტივები აქვს, მეგობრებო.

ივანიშვილის ხელიდან მე ვარ მკვდარი. გლდანში გადამიყვანეს, ექიმები იყვნენ პანიკაში. ხელში ჩაგვაკვდებაო, მე თვითონ მოვისმინე. ორი დღეც რომ არ გადავეყვანე, მე მკვდარი ვიქნებოდი. ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ივანიშვილს და პუტინს, რომ მე მოვეკალით. ძალიან ბევრი თბილისელი გამოვიდა ქუჩაში და ამან აიძულა რეჟიმი, რომ გადავეყვანე გორში, სადაც თავიდან არაუშავს-რა, მივლიდნენ და მერე მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც მაშინ ჩემი სისცოცხლე გადაარჩინა. ჩემი სიცოცხლე დღეს გეკუთვნით თქვენ და მე არაფრად მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თანამდებობის არც ხამი ვარ... მე მაქვს ჩემი სახლი უკრაინაში და მაქვს ჩემი პერსპექტივები ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, რომლისთვისაც ასევე ძალიან ბევრი გავაკეთე ცხოვრებაში და ამიტომ არის, რომ უკრაინელები არასდროს მტოვებენ არსად“, -აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, შარშან გამოკითხვებით უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნიაწილი აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი. სააკაშვილის განმარტებით, ამ თემაზე შეთავაზება ჰქონდა პრეზიდენტ პოროშენკოსგანაც და ამ თემაზე საუბრები იყო ასევე ვლოდიმერ ზელენსკისთან.

„ზელენსკიმ ბოლოს შემომთავაზა ვიცე-პრემიერობა მთავარი მიმართულებით. ეს ყველაფერი მივატოვე და ჩამოვედი იმისათვის, რომ არ შეიძლება იყო შენ სხვა ქვეყანაში ოქროსა და ბრილიანტებში ჩასმული, ამ დროს შენი ქვეყანა ბოდიში და ნეხვში იყოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.