„ბანკების ყალბი რეკლამა კლიენტის მოტყუებაზეა ორიენტირებული“

„ბანკების ყალბი რეკლამა კლიენტის მოტყუებაზეა ორიენტირებული“

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების გასაკონტროლებლად, ბოლოს და ბოლოს, მოიცალა. თუ აქამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ იმჩნევდა, რომ საბანკო სესხები მომხმარებლებლებს აზარალებდა და მათი აგრესიული სარეკლამო კამპანია არც ისე ბედნიერ ფინალს უზრუნველყოფდა, დღეს იგი ბანკის კლიენტებზე მზრუნველად მოგვევლინა.

ქადაგიძემ კომერციულ ბანკებს ურჩია, არ მიმართონ ისეთი ტიპის სარეკლამო კამპანიებს, რომლებიც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას განაპირობებს. მისი თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ტიპის სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და შეიძლება, მიაწოდოს არასრული ინფორმაცია ან შეუქმნას არასწორი მოლოდინები.

ირაკლი ქადაგიძე არ გამორიცხავს ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას, რადგან საბანკო სექტორში უნდა არსებობდეს ძალიან მკაცრი ეთიკის სტანდარტი, რომელსაც განურჩევლად დაიცავს ყველა კომერციული ბანკი.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რჩევა მომხმარებლებსაც მისცა და მათ მოუწოდა, ნებისმიერი ოპერაციის განხორციელების წინ კარგად წაიკითხონ მომხმარებელსა და საბანკო სექტორს შორის დასადები კონტრაქტი.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხდება მომხმარებლის მოტყუება, ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია იმ სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელმაც, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს ესა თუ ეს პირი“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

რას ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაგვიანებული ზრუნვა მომხმარებლებზე და რამდენად სცოდავენ კომერციული ბანკები აგრესიული სარეკლამო პოლიტიკით? ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ყველა ასპექტზე პასუხისმგებელია. ამიტომ რბილი ზეწოლის საშუალებით უნდა ჩამოყალიბდეს ამ პოლიტიკის ზოგადი ტენდენცია.

„ტელევიზორში ვუყურებ საშინელ რეკლამებს. მაგალითად, ვიღაც ქალი რეკლამაში ამბობს, რომ ახლა ავიღე კრედიტი და უნდა გადავფარო სხვა ბანკში კრედიტიო. ე.ი. ხალხს აჩვევენ და მათ ყურს ხედნიან იმისთვის, რომ ადამიანები სავახშო ვალდებულებებში ჩართონ და ამას ბანკის პიარსამსახური აკეთებს. ამიტომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ცოტა უფრო მკაცრადაც უნდა გამოხატოს პოზიცია და, როცა აფასებს ბანკის საქმიანობას, უნდა თქვას, რომ ბანკის მენეჯმენტი ცუდია. კონკრეტულად უნდა ამხილოს ის ბანკები, რომლებიც ასეთ ცუდ საქმეებს სჩადიან“, - აცხადებს დავით იაკობიძე.

მისი თქმით, ბანკები კლიენტებს ატყუებენ. ამიტომ მცირე პროცენტი იქნება, თუ მაღალი პროცენტი, მომხმარებელი ბანკის პირობებს აუცილებლად უნდა გაეცნოს და უნდა იცოდეს, თუ რა პირობით იღებს სესხს, შეუძლია თუ არა დაფაროს. მეტიც, მისი თქმით, თბილისში ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც ნებისმიერი ბანკის მომსახურებით სარგებლობდეს და ის კმაყოფილი იყოს.

დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ამ სფეროში საშინელი მდგომარეობაა. მაგალითად, მოქალაქემ ახალი პასპორტი უნდა აიღოს და ათი ლარი აქვს გადასახდელი, ამ დროს ბანკებში 11 ლარს ართმევენ ამ ათი ლარის გადარიცხვისთვის და ამ ადამიანისგან იღებენ 10%-ს. ამას მომხმარებელი არ უყურებს, რადგან მისთვის ერთი ლარის ზედმეტად გაღება არაფერს ნიშნავს.

„ასეთი თავხედობებია ყოველ ნაბიჯზე. ამათ ყაჩაღები არ ჰქვიათ, ამ საქციელის გამო მათ ძალიან კარგი სახელი ჰქვიათ ოდითგანვე - მევახშე და წურბელა. დარეჯანი როგორც შეაპარეს ლუარსაბს, თითქოს, ულამაზესი იყო, ასეა ბანკების ამბავიც. ვითომ დაბალპროცენტიანი სესხით ატყუებენ ხალხს. ამიტომ გულდასმით წასაკითხია ბანკთან დასადები კონტრაქტი, თუ როდის შედის ძალაში, პროცენტი როდის გერიცხებათ, პირდაპირი პროცენტია, რთული პროცენტია თუ მარტივი, გათვლები რის მიხედვით ხდება. საინტერესოა, რატომ არ აკეთებდა ასეთ განცხადებებს ირაკლი ქადაგიძე უფრო ადრე? პროკურატურიდან მოიყვანეს და დასვეს მანდ, ბანკის მაგან რა იცის? ინფლაცია რომ მიმდინარეობს, ამაზე პასუხისმგებლობას იღებს?!“ - აცხადებს დავით იაკობიძე.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ მახინჯი საბანკო სისტემის დარეგულირება აუცილებელია, რომელიც უპასუხისმგებლო ბიზნესს ეწევა. ეს მძარცველური პრაქტიკა კი ცივილიზებული მეთოდებითა და კონკურენტული საბანკო ჯგუფების შემოყვანით უნდა დაიშალოს. სწორედ ამ მძარცველური პოლიტიკის შემადგენელია აბსოლუტურად ყალბი რეკლამა, რომლის ერთადერთი მიზანი კლიენტის მოტყუებაა. ამიტომ რაც უფრო ძლიერი იქნება ეროვნული ბანკის ნაბიჯები ცივილიზებული საბანკო სექტორის ჩამოყალიბებისთვის, მით უკეთესი.

„ეს არ არის საბანკო სისტემა, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ინტერესის გარდა არაფერი გააჩნიათ და ამ ბიზნესს ცივილიზებული ბიზნესის წარმოებით კი არ იკმაყოფილებენ, არამედ საკუთარი ხალხის მოტყუებით. ყველა საბანკო რეკლამა აბსოლუტური ტყუილია და არა უბრალოდ ტყუილი, არამედ - უნამუსო ტყუილი. საბანკო სესხები მოქალაქეებისთვის მობილური ტელეფონის, სარეცხი მანქანის და ტელევიზორის გარდა, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია, არაფერს ვამბობ ბიზნესსესხებზე, რაც მხოლოდ პრივილეგირებული ჯგუფებისთვის გაიცემა. ამ დროს საქართველოში შესანიშნავი პროექტებია დასაფინანსებელი, მაგრამ, თუ ეს არ არის ხელისუფლების მიერ ლობირებული და ხელისუფლების უახლოეს გარემოცვაში მყოფი ჯგუფისთვის განკუთვნილი, სერიოზული ბიზნესესხი, პრაქტიკულად, არ გაიცემა. ეს სწორედ ამ თაღლითური საბანკო სისტემის დამსახურებაა და ამიტომაცაა ჩავარდნილი საქართველოს ეკონომიკა და წარმოება არ არის“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, ბანკები მხოლოდ იმპორტიორებს აფინანსებენ, იმპორტიორები კი წინა ხელისუფლების დროს მონოპოლური ჯგუფები იყვნენ და ჯერჯერობით ისევ აგრძელებენ არსებობას.

ეკონომიკის ექსპერტ პაატა შეშელიძის აზრით, ქადაგიძის მოწოდება ღირებული არ იქნება, თუ ამას არ მოჰყვება რაიმე სანქცია, რაც თავისთავად უკანონობა იქნება. რაც შეეხება რეკლამას, ექსპერტის თქმით, ეს არის უბრალოდ, ინფორმაციის გაცემა და არა უშუალო კონტრაქტი, რადგან კონტრაქტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და, თუ ვინმე ვიღაცას ატყუებს, იმ კონტრაქტში დადებული პირობების შესრულება-არშესრულებაზე უნდა იყოს დამყარებული.

პაატა შეშელიძის თქმით, ინფორმაცია, რომელიც რეკლამით გადის, არ შეიძლება, ამომწურავად ფარავდეს გაწეული მომსახურების მთელ სპექტრს. ამიტომ ეს ბრალდება, რომ რეკლამა რეალობისგან განსხვავდება, უნდა დასაბუთდეს. თუ ეს მიზანმიმართული სიყალბეა, მაშინ ეს შეიძლება გააკეთოს კრიმინალურმა სამსახურმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება, რომ შენ თურმე ატყუებ და ვიღაცას ჩაგრავ, არასერიოზულია.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი რეკლამის შინაარსი ბევრად ოპტიმისტურია, ვიდრე რეალობა და ეს მარტო საბანკო რეკლამას არ შეეხება. ამიტომ მარტო რეკლამით არ უნდა ვიმსჯელოთ და კონტრაქტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბანკის შემოთავაზება გადაწყვეტილებას არ ნიშნავს, ბანკმა შეიძლება მოგცეთ სესხი 8 %-ად, მაგრამ შეიძლება არ მოგცეთ, რადგან ნებისმიერი კონტრაქტი კლიენტის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი სრულყოფილ საბუთებს არ წარადგენს ან მისი პროექტი სათანადო ნდობას არ იწვევს, მას უფრო მეტ პროცენტში მისცემენ სესხს“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

ამიტომ კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნია კომერციულ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა და მითითება, თუ ვინ რამდენი უნდა იშოვოს. მისი აზრით, ბევრის შოვნის გამო „ხელის მოჭრა“ არ შეიძლება. ამდენად, სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკი ისეთ თამაშში ჩაერთო, რაც მისი საქმე არ არის.