მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი: ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე მზად არიან ჩვენება სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი: ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე მზად არიან ჩვენება სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ

„ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხავს ელგუჯა ცომაიას, წოწორიებსა და ნარიმანიძეს, რომლებიც მზად არიან სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ სასამართლოს ჩვენება“, - განაცხადა ბრალდებული ექსპრეზიდენტის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ დღეს დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას მტკიცებულებების უდავოდ გახდომის თაობაზე და ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

„უკრაინის მოქალაქემ, ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება დღეს საქართველოში - ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, წოწორიებსა და ნარიმანიძის ჩვენებებს - ეს არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ, ფარულად, შემოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე. მოცემულ შემთხვევაში, მათი მტკიცებულებები ამყარებს გარემოებას, რომ სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა ძებნილმა მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა. აქვე განვმარტავ - დაცვის მხარე უნდა ჩამოყალიბდეს ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე არიან გმირები, თუ მათი ჩვენება არაფრისმომცემია“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.