თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება. ეს ამ საქმის პირველი განხილვაა, რომელსაც ბრალდებულიც დაესწრება.
სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან.
მიხეილ სააკაშვილი აპირებს, რომ დღევანდელი პროცესიც პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენოს. მისი ოჯახის წევრებისა და თანაგუნდელების განცხადებით, ის იმ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს, რომელიც ციხეში დაწერა. ის ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფზე, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარს აპირებს.
მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოისმინოს მისი განცხადებები. სწორედ ამ შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ ადვოკატები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.