თუ პარლამენტი აპირებს, სამართლებრივი აბსურდის საფუძველზე სერიოზულად იმსჯელოს ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაგრძელებული დევნა

თუ პარლამენტი აპირებს, სამართლებრივი აბსურდის საფუძველზე სერიოზულად იმსჯელოს ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაგრძელებული დევნა

თუ პარლამენტი აპირებს, სამართლებრივი აბსურდის საფუძველზე სერიოზულად იმსჯელოს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაგრძელებული დევნა მმართველი გუნდის მხრიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხელისუფლების რეპუტაცია უფრო მეტად დააზიანა და აქედან გამომდინარე, ეჭვი ეპარება ახლა „ქართულმა ოცნებამ" ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყვიტოს.

„ჩვენ მორიგ ჯერზე ვიხილეთ სრული სამართლებრივი აბსურდი ივანიშვილის სასამართლოში. ამიტომ, ახლა ამ აბსურდის საფუძველზე რაც გუშინ ვნახეთ, თუ პარლამენტი აპირებს სერიოზულად იმსჯელოს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაგრძელებული დევნა მმართველი გუნდის მხრიდან. თუმცა, მე ეჭვი მეპარება ეს გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ", რადგან ის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება ერთად მოვისმინეთ, პირველ რიგში, აზიანებს ხელისუფლებას, დააზიანა საერთაშორისო რეპუტაცია და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, როგორი სასამართლო გვაქვს. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი საბოლოოდ, აუცილებლად მოიგებენ ამ საქმეს, მათ შორის, თუ დასჭირდათ სტრასბურგში", - განაცხადა სამადაშვილმა.

მან სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო სამართლის მასხრად აგდება.

„გადაწყვეტილება რაც გუშინ ვნახეთ, არის სამართლებრივი აბსურდი, რომელიც გახდება ქრესტომათიული მაგალითი თუ როგორ იყენებდა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემას საკუთარი დღის წესრიგისთვის. ივანიშვილის ამოცანა იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება რუსეთის პირდაპირი მოთხოვნით, რაც განხორციელდა. ქვეყანაში 3 პოლიტიკური პატიმრის გაჩენის ფუფუნება ხელისუფლებას, რომლის საერთაშორისო ავტორიტეტი განადგურებულია, არ ჰქონდა, ამიტომ სასამართლოს დაავალეს ჩაეტარებინა სამართლის მასხრად და აბუჩად აგდება", - განაცხადა სამადაშვილმა.