საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეში სახელმწიფო ბრალდებას უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომელთაც, დაცვის მხარე ვერანაირ არგუმენტს ვერ უპირისპირებს.
„მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს არანაირი ფაქტობრივი არგუმენტები არ გააჩნიათ იმის საწინააღმდეგოდ, რასაც სახელმწიფო და პროკურატურა უყენებს. რა თქმა უნდა, ეს პროცესები, საზოგადოების დეტალურად დაკვირვების ქვეშაა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო, კიდევ ერთხელ, ძალიან სამართლიან და აუცილებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს“, - აცხადებს ნინო წილოსანი.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავს. პროცესს ბრალდებულიც დაესწრება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. სახელმწიფო ბრალდების მიერ, ლორთქიფანიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.