ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული, ვუგარ ალიევი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. პატიმარი ამბობს, რომ გლადანის მე-8 დაწესებულების 66-ე საკანში, სადაც სასჯელს პოლიციის გენერალი თამაზ თამაშვილი იხდიდა, იმ მოტივით შეიყვანეს, რომ მისთვის ე.წ. აბები მიეცა. აბები, რომელიც მას თამაზაშვილისთვის უნდა მიეცა ღვიძლის დაშლას გამოიწვევდა და 3 თვეში ფატალური შედეგი დადგებოდა. საკანში შეგზავნილი ე.წ. აგენტი გენერალმა თამაზაშვილმა მალევე გაშიფრა და მის მხარეს გადმოიბირა.
როგორც ალიევის ჩვენებიდან ირკვევა, ის რამდენჯერმე შეხვდა სასჯელაღსულების ყოფილ მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს და გლდანის ციხის უფროსს დავით ხუჭუას. როგორც ალიევის ჩვენებიდან ირკვევა, მას თავდაპირველად დაავალეს თამაზაშვილისგან გაეგო ვის მხარეს იყო ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
„მათ თამაზაშვილის ნათქვამი ვუთხარი, რომ თამაზი ამბობს, ვანო კარგი კაცია-თქო. თუ არჩევნებს გააყალბებენ და ხალხი ქუჩაში გამოვა, მერაბიშვილი ხალხს არ დახოცავს და ხალხის მხარეს გადმოვა პოლიციასთან ერთად-მეთქი. ამის შემდეგ, მოიტანეს დიქტოფონი და თვითონ კალმახელიძემ ჩაწერა ჩემი საუბარი.
მითხრა, კიდევ ერთხელ გაიმეორე, რაც ვანოზე მან გითხრაო. მეც გავიმეორე. მესამე დღეს გავიგეთ რადიოთი, რომ ვანო მერაბიშვილი პრემიერ მინსტრად გადაიყვანეს. იმ დღესვე ამიყვანეს დავით ხუჭუასთან. როგორც ვიცი, იმ დღეს ციხის უფროსს პრემია 20 ათასი ლარი მისცეს. მან მითხრა, რომ ამ საქმეებზე შენი ნათქვამი თუ გამართლდება, პირობას გაძლევ, რომ „სროკი“ გაგინახევრდებაო,“ - წერს თავის ჩვენებაში ალიევი.
ალიევმა მინისტრ კალმახელიძისა და ციხის უფროსისგან ახალი დავალება მიიღო. ამჯერად, მას თამაზაშვილისგან უნდა გაეგო, გაუხარდა თუ არა მას მერაბიშვილის გაპრემიერება.
„თამაზს ვუთხარი, რომ ეს აინტერესებთ-მეთქი. მან მითხრა, რომ ასე გადაეცი, რომ ძალიან გაუხარდა და მთელი დღე ღიღინებდა სიხარულითო“, - ამბობს თავის ჩვენებაში ალიევი და აქვე დასძენს, რომ ხათუნა კალმახელიძის დავალებით მას თამაზაშვილისთვის ტელეფონი უნდა ჩაედო საკანში.
„დასაბანად, რომ ვიქნებოდით გასული, ამ დროს კამერაში დადებდნენ ტელეფონს, მერე ჩატარდებოდა შმონი, ტელეფონს აღმოაჩენდნენ და მე უნდა მეთქვა, რომ თამაზაშვილის შვილმა ლექსო თამაზაშვილმა ციხის თანამშრომელს მათე ელბაქიძეს 400 ლარი გადაუხადა და მან შეიტანა, ღამით ამ ტელეფონით ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტი ჰქონდა-თქო. მერე მაჩვენეს წითელი პატარა ტელეფონი,“ - წერს ალიევი.
ალიევი თავის ჩევენებაში ასევე ყვება, როგორ დაავალეს მას თამაზაშვილის ლიკვიდაცია. პატიმარს, ციხის უფროსის, დავით ხუჭუას ოთახში ხათუნა კალმახელიძე დახვდა. „მითხრეს, რომ დილით საჭმელს რომ შემოიტანენ, მას უნდა ჩაუყარო აბიო. სამ თვეში ღვიძლი დაეშლება და მოკვდებაო. შენ უნდა დაადასტურო, რომ ღვიძლი სტკიოდა და წამლებს იღებდაო. შენი საქმე პრეზიდენტთან დევს და ის შეგიწყალებსო. კალმახელიძე მეკითხება ქართული იციო? ხომ იცი რა აბზე გელაპარაკებაო და მითარგმნა რუსულად „ტაბლეტკა“, „ტაბლეტკაო“,“ -ასეთია პატიმარ ალიევის ჩვენება.
გენერალი თამაზ თამაზაშვილი for.ge-სთან საუბრისას ალიევის ჩვენებას ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი ლიკვიდაცია ციხეში რამდენიმეჯერმე სცადეს.
რას ყვება ე.წ. აგენტი ვუგარ ალიევი, ვის ესაუბრებოდა ტელეფონით ხათუნა კალმახელიძე და ვისთან შეთანხმებით იყო გადაწყვეტილი თამაზაშვილის ლიკვიდაცია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გენერალ, თამაზ თამაზაშვილის ადვოკატს, ლილიკო გელაშვილს ესაუბრა.
ლილიკო გელაშვილი: რასაც ახლა გეტყვით, ეს არა ვინმესგან გადმოცემით ვიცი, არამედ რამდენიმეჯერ შევხვდი ვუგარ ალიევს ციხეში. ჩემთან შეხვედრამდე, მან პროკურატურას მისცა ჩვენება. ის დეტალურად ყვება, რა ხდებოდა და ვინ რა დავალებას აძლევდა. მერწმუნეთ, რომ არც ისე სასიამოვნოა როდესაც პიროვნება აცხადებს, რომ ის აგენტად იყო შეგზავნილი, მაგრამ ამის ახსნასაც ცდილობს. ის ამბობს, რომ ის პერიოდი, როცა თამაზაშვილთან ერთად იჯდა, მისმა პიროვნებამ მასზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა და გარკვეული ადამიანური დამოკიდებულება გაუჩნდა მის მიმართ. სწორედ ამიტომაც დავალებებს, რასაც მას აძლევდნენ, არ ასრულებდა, ან ასრულებდა შეფარული ფორმით.
თუ ასახელებს კონკრეტულ პირებს ვინ აძლევდა მას ამ დავალებას?
- ის ასახელებს რამდენიმე პიროვნებას. გლდანის ციხის უფროსი დავით ხუჭუა, რომლის კაბინეტშიც ხდებოდა შეხვედრა. ის ამბობს, რომ მასთან შეხვედრები იყო ძალიან ხშირი. ასევე ხელს ადებს ხათუნა კალმახელიძეს, რომელიც სამჯერ შეხვდა მას ხუჭუას კაბინეტში. აღწერს დეტალურად რა ხდებოდა ამ საუბრის დროს, რას ეუბნებოდნენ ხუჭუა და კალამახელიძე.
რას ეუბნებოდნენ?
- ალიევი ამბობს, რომ აიყვანეს ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც დახვდა ხათუნა კალმახელიძე. მას შემდეგ, რაც გაიგო, რას ამბობს თამაზაშვილი. კალმახელიძემ ციხის უფროსს ხუჭუას უთხრა, აუხსენი რაზე გვყავს მოყვანილიო. კალმახელიძე ესწრებოდა ამ საუბარს. ხუჭუამ უთხრა, რომ მისცემდნენ გარკვეულ აბს, რომელსაც დილით გაუხსნიდა ჩვეულებრივად წყალში და მისცემდა ბატონ თამაზს. უთრხეს, რომ 3 თვის განმავლობაში მას არაფერი მოუვიდოდა, ამ პერიოდში არანაირ გამოვლინებას ადგილი არ ექნებოდა და შემდეგ მას დაეშლებოდა ღვიძლი და გარდაიცვლებოდა, ხოლო მასზე ეჭვს ვერავინ შეიტანდა.
რამდენად სარწმუნოა ამ აგენტის ნათქვამი?
- მტკიცებულებები სხვა არის, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენით ვამბობ, რომ მისი ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება და რატომ. როდესაც ალიევი ყვება, რომ როდესაც ციხის უფროსმა უთხრა მას, თამაზაშვილს აბი მიეციო, ამ დროს გააჩერა ის ხათუნა კალმახელიძემ და კითხა, - შენ ქართული კარგად იციო? ალიევმა უპასუხა, რომ ესმოდა. კალმახელიძე ჩაეკითხა, გაიგე რაც გითხრაო და აბი რამდენიმეჯერ გაუმეორა რუსულად - „ტაბლეტკა“, „ტაბლეტკა“ - ხვდები რაც არისო?
დეტალურად ყვება ამას. ამით ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ერთია, რომ ესწრებოდა კალმახელიძე და როცა მას უნდოდა, აჩერებდა ციხის უფროსს და მეორეა, როცა მის მონაყოლში კორექტივი შეიტანა. როცა ციხის უფროსმა მას უხსენა აბი, კალმახელიძემ გადაამოწმა ნამდვილად სწორად გაიგო თუ არა.
თამაზაშვილი თუ გეუბნებოდათ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა?
- რა თქმა უნდა. მან გვითხრა, რომ შეიძლება რამე დამემართოს და იცოდეთ, რომ ეს ჩემგან არ ხდებაო.
ანუ, ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა?
- ეს არ იყო მხოლოდ ზოგადი ფრაზა. მაშინვე გვითხრა, რომ მასთან შეგზავნილია აგენტი ალიევი, რომელიც მას გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა და მისგან გაიგო, რომ მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ამაზე ჩვენ განვაცხადეთ მაშინვე. უბრალოდ არ დაგვისახელებია ალიევის გვარი. გვერჩივნა ისევ ის აგენტი ყოფილიყო მასთან, რომელიც ასე თუ ისე, ნორმალურ ურთიერთობაში შევიდა თამაზაშვილთან, ვიდრე ვინმე ახალი შეეგზავნათ.
თამაზაშვილის ლიკვიდაცია კალამახელიძისა და ციხის უფროსის დონეზე დაიგეგმა?
- თამაზაშვილის მიმართ განხორციელებული უკანონობა და თუნდაც მისი ლიკვიდაციის მცდელობა, არც ხათუნა კალმახელიძის თავში მოიხარშებოდა და არც ციხის უფროსის. მინიმუმ, ვერ გაბედავდნენ ისინი ამას, რომ პირველი პირებისგან არ ყოფილიყო თანხმობა. შემიძლია გითხრათ რას ამბობს პირველი პირი, ანუ ალიევი. როდესაც კალმახელიძე მას ხვდებოდა და მისგან იღებდა რაღაც ინფორმაციებს, იქვე ის ტელეფონით უკავშირდებოდა ვიღაცა პიროვნებას და აწვდიდა ამ ინფორმაციას.
თქვენთვის ცნობილია ვის აწვდიდა კალმახელიძე ალიევისგან მიღებულ ინფორმაციას?
- არა. ამისათვის სხვა საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, რასაც, ალბათ, მოვითხოვ გამოძიებისგან. მე გეუბნებით იმას, რასაც ამბობს ალიევი. რამდენიმეჯერ ისეთ სიტყვას მოვკარი ყური, რომ ვერ ვიქნები კატეგორიულიო, მაგრამ მაქვს განცდა, რომ კალმახელიძე პირველ პირს მიხელი სააკაშვილს ელაპარაკებოდაო - ეს არის მისი სიტყვები.
რატომ უშვებთ, რომ ესაუბრებოდა პრეზიდენტს და არა ადეიშვილს, რომელიც ფიგურირებს თამაზაშვილის საქმეში, მას ბრალიც აქვს წაყენებული...
- კატეგორიულად ვაცხადებ, რომ გამორიცხულია ადეიშვილი, მერაბიშვილის და მით უფრო, სააკაშვილის გარეშე ამ ყველაფერს აკეთებდა. არსებობს კადრები, როდესაც სააკაშვილი ყველა შეხვედრაზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, თამაზაშვილს მოიხსენიებს როგორც კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელს და ნარკოტიკების გადამზიდავს. როცა საჯაროდ პირველი პირი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას, ამის მერე გჯერათ, რომ შეიძლება პირველი პირის გარეშე ხდებოდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა - არა.
როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ალიევმა უარი თქვა მის ლიკვიდაციაზე. იყო თუ არა სხვა მცდელობა თამაზაშვილის ლიკვიდაციისა?
- რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი დროში გაწერილია. ლიკვიდაციის მცდელობა ერთ-ერთი ბოლო მცდელობა იყო. სხვათა შორის, ამას წინ უსწრებდა ზეწოლის სხვა ფაქტი.
მაგალითად?
- რამდენიმე შემთვევა იყო. საკანში ფსიქიურად დაავადებული პირი შეუგზავნეს, რომელსაც ცოლი ჰყავდა მოკლული და ისეთი გამოვლინებები ჰქონდა, აქტიურ ფაზაში იყო მისი ფსიქიური მდგომარეობა. ეს ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ თამაზაშვილი ამას ვერ მოითმენდა, რაღაცა მომენტში შევიდოდა მასთან კონფლიქტში და შესაბამისად, მას დაუმატებდნენ სასჯელს. ასევე იყო ტელეფონის შეტანის მცდელობა. იცოდნენ ვის უნდა ეთქვა, რომ თითქოსდა, მისმა შვილმა ლექსო თამაზაშვილმა ქრთამის სახით მოისყიდა ციხის თანამშრომელი და შეუგზავნა ტელეფონი მამამისს. ქრთამის მიცემის გამო უნდა დაეჭირათ ლექსო თამაზაშვილი, ხოლო ბატონ თამაზს უკანონო ნივთის აღმოჩენისათვის დაუმატებდნენ სასჯელს.
ამის მტკიცებულება არსებობს?
- არიან მოწმეები. ციხის თანამშრომელი, რომელსაც ეს დაავალეს, მან უარი თქვა ამ დავალების შესრულებაზე და მაშინვე გამოუშვეს სამსახურიდან. აქ უნდოდათ ალიევის ჩართვაც. მას, როგორც მის საკანში მჯდომს, უნდა განეცხადებინა, რომ ტელეფონი მისმა შვილმა შემოუგზავნა. ალიევი თავის ჩვენებაში ასახელებს მათ სახელებს და მათი დაკითხვის შემთხვევაში გაირკვევა სიმართლე.
ის ასევე ახსენებს ოლეგ ფაცაციას, რომელმაც ჩაიყვანა ე.წ. მორგში. ასახელებს იმ პიროვნებას, რომელიც იქ დახვდა მას, ეს არის ვინმე „სომეხა“, რომელმაც მის თვალწინ ამოაჭრა ღვიძლი მიცვალებულ პატიმარს და კატას შეაჭამა. მათთვის ალიევის ლიკვიდაცია არაფერს არ წარმოადგენდა და არც არაფერში სჭირდებოდათ, ეს იყო მისი დაშინების მცდელობა.
თვითონ ალიევი ამას უკავშირებს ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტულ მოთხოვნებზე უარის თქმას. როცა უარი თქვა, რომ წამალს არ შევიტან და ტელეფონზე მოწმედ არ დავდგებიო, ორივე შემთხვევაში მასზე განახორციელეს ფიზიკური ზეწოლა. ერთხელ ჩაიყვანეს მორგში, ხოლო მეორე შემთხვევაში შეიყვანეს დახურულ ოთახში და დენზე შეაერთეს. ის, როცა კამერაში შედიოდა ამ ყველაფრის შესახებ ეუბნებოდა თამაზაშვილს და მომზადებული ხვდებოდნენ ყველაფერს. თამაზაშვილი ყვება როგორ უთხრა, მას აბთან დაკავშირებით, რომ გამოერთმია ეს აბი და არ ეთქვა უარი.
ადმინისტარციის დამოკიდებულება როგორი იყო თამაზაშვილის მიმართ?
- თანამშრომლების მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ერთხელ იყო მცირე ინციდენტი ფაცაციასთან, როდესაც ის რიგით ჩამოვლაზე იყო ციხეში, მაგრამ იქვე ამოიწურა. მეტი რა ზეწოლა უნდოდა ადამიანს, რომლის ერთადერთი კავშირი გარესამყაროსთან იყო რადიო და იმის ჩართვაც არ უნდოდა იმიტომ, რომ 24 საათი მის სახელს ახსენებდნენ. ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო და მზად იყო ყველაფრისთვის.