პროკურატურა პირში ჩალაგამოვლებული დარჩა

პროკურატურა პირში ჩალაგამოვლებული დარჩა

ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურა პირში ჩალაგამოვლებული დარჩა - ბრალდების მთავარმა მოწმემ, მსჯავრდებულმა ადამ ზარიძემ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების დროს განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს ის, რასაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ თითქოს ბარათელმა თანასაკნელ ზურაბ ჭონიაშვილს ზურგში თვითნაკეთი აკრძალული ნივთი, ე.წ. შტირი ჩაარტყა. პლუს ამას, შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრალდების მთავარ მტკიცებულებას, საპატიმროს დერეფანში გადაღებულ ვიდეოკადრებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზა ჩაუტარა, რომლის დასკვნაში არ წერია, რომ ბარათელს ხელში რაღაც უჭირავს და თანასაკნელს ზურგში ურტყამს, რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-ს ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის პოზიციას არ ადასტურებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვა 21 მაისს 14 საათზე განახლდება და სავარაუდოდ, ყველაფერი ამავე დღეს დასრულდება, რადგან 30 აპრილის სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევის გაგრძელება აღარ ისურვა. ამას ბარათელის უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე შეეწინააღმდეგა, ყველა მოწმის დაკითხვა მოითხოვა, მაგრამ ამაოდ - მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოიტანა, რის მიხედვითაც, ბრალდების დარჩენილი 10 მოწმე ჩვენებას აღარ მისცემს.

30 აპრილის სხდომას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადეგენელი. იქ იყო გურამ შარაძის ოჯახის უფლებების დამცველი ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე და for.ge. ბრალდების მხარეს თამაზ ჯალიაშვილთან ერთად წარმოადგენდა ნიკა სადრაძე. პროცესს ბრალდებული გიორგი ბარათელი ესწრებოდა. მის უფლებებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავდა.

სხდომაზე პროკურატურამ თავისი მთავარი მტკიცებულება - საპატიმროს დერეფანში ვიდეოთვალის გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს N7 დარბაზში მიმდინარეობდა. ამ დარბაზის ჭერზე დაკიდებულია პროექტორი, კედელზე დიდი თეთრი დაფაა, მაგრამ ფირის გაშვება პროექტორის საშუალებით ვერ მოხერხდა. სასამართლოს ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, იმ კომპიუტერში, რომლითაც ვიდეოკადრები პროექტორით უნდა გავიდეს, დისკი არ იდებაო.

ამის გამო, მოსამართლის გვერდით, შემაღლებულ ადგილზე შემოდეს სასამართლოს მდივნის სამუშაო კომპიუტერი, იმაში ჩართეს ფირი და ასე გვაყურებინეს ვიდეოთვალის გადაღებული უხმო კადრები, რომლის გახმოვანებას პროკურორი ჯალიაშვილი ცდილობდა. იგი ირწმუნებოდა, რომ ბარათელი თანასაკნელს ზურგში ურტყამს “შტირს“ და ეს ჩანს ვიდეოფირზე.

ფირის გამოქვეყნების შემდეგ დაიკითხნენ ბრალდების მოწმეები - იოსებ გოგიაშვილი და ადამ ზარიძე, მაგრამ მათ ბრალდებისთვის სასარგებლო არაფერი უთქვამთ. ასე დარჩა პროკურატურა იმ ოთხი ადამიანის (მიხეილ დარბაიძის, რამაზ ხუციშვილის, ივანე ჩარგაზიას და ფრიდონ ნადირაძის) ჩვენების ამარა, რომლებიც ე.ს. შტირის ინცინდენტის დროს, ანუ 2012 წლის 27 ნოემბერს მუშაობდნენ ორთაჭალის N1 საპყრობილეში.