ახალაიამ იარაღი ჩამარტყა, კალანდაძე 20 წუთის განმავლობაში მცემდა

ახალაიამ იარაღი ჩამარტყა, კალანდაძე 20 წუთის განმავლობაში მცემდა

ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძის სისხლის სამართლის საქმეში, ერთ-ერთი მთავარი მოწმე ზვიად აბესაძეა, რომელსაც 2011 წლის 13 სექტემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მან, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს მისცა ჩვენება, როგორ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად უმაღლესი თანამდებობის პირები. ზვიად აბესაძე პროკურატურამ დაზარალებულად უკვე ცნო. ახალაიას სასამართლო პროცესზე ზვიად აბესაძემ ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, გაგა მკურნალიძის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზვიად აბესაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გოგა ონიანისგან 2006 წელს გაიცნო, რის შემდეგაც ურთიერთობა ნათესაურ კავშირში გადაიზარდა. კერძოდ, აბესაძის განცხადებით, ბაჩო ახალაია მისი შვილის ნათლიაა. ამის მიუხედავად, დანათესავების შემდეგ, დაახლოებით, 4 წლის განმავლობაში, მათი ურთიერთობა ნელ-ნელა შეწყდა. ამის მიზეზი, მისივე განხადებით გახდა ის, რომ აბესაძე ოპოზიციისკენ გადაიხარა.

როგორც აბესაძე ამბობს, 2011 წლის 13 სექტემბერს მის მობილურ ტელეფონზე შემოვიდა ზარი. როდესაც მან კითხა, ვინ რეკავდა, პასუხად ყურმილის მეორე მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო.

„მამაშენი ვარ და დედაშენის ... მოვდივარო. ამის შემდეგ მე მესიჯად მივწერე მას და გინებითვე ვუპასუხე, თუმცა ჩემთვის უცნობი იყო ვის ვწერდი. ამის შემდეგ გამოვრთე ტელეფონი, დაახლოებით ნახევარი საათში ჩემს კარზე გაისმა ბრახუნი, მივედი და კარი გავაღე, სადაც დამხვდა გრიგოლ ბაკურაძე და მითხრა, რომ ბაჩო ახალაია რესტორანში მიბარებდა,“ - ამბობს აბესაძე.

დაზარალებული აბესაძე ბაკურაძესთან ერთად მივიდა რესტორან „მასპინძელოში“. როგორც თავად ყვება, რესტორანში დაცვამ შეაცილა, სადაც მას ბაჩო ახალაია და მისთვის უცნობი პირები დახვდნენ.

„დაცვამ კუპეში შემიყვანა, სადაც დამხვდა ბაჩო ახალაია და ჩემთვის უცნობი პირები. მივესალმე და ხელი გაუწოდე ბაჩოს, მაგრამ ახალაიამ არც ხელი ჩამომართვა და არც მომესალმა. მაგიდასთან დავსხედით მე და ბაკურაძე.

ბაჩომ მითხრა ვიცნობდი თუ არა გიგი კალანდაძეს, რომელიც ომის გმირია. მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი მის შესახებ. მან მითხრა, რომ ჩემს გვერდით რომ კაცია, ის არის ვისაც ტელეფონით ვაგინე და ახლა გვერდით მიზისო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ინციდენტი“, - განაცხადა ზვიად აბესაძემ.
როგორც ზვიად აბესაძე ამბობს, ამის შემდეგ მოულოდნელად გენერალმა გიგი კალანდაძემ მას თავში სალათიდან ამოღებული კოვზი ჩაარტყა, შემედეგ კი, როგორც დაზარალებული ყვება, დაცვამ მას ხელები გადაუგრიხა და ოცი წუთის განმავლობაში სცემდნენ. მისივე თქმით, მას ურტყამდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა და დაჟინებით სთხოვდნენ, რომ კალანდაძისთვის დაეჩოქა და ბოდიში მოეხადა.

„პერიოდულად მცემდნენ, ერთ-ერთ მომენტში, ბაჩო ახალაიამ დაცვას გამოართვა იარაღი და თავში ჩამარტყა. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ჩემი ცემა. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა დავით ჭაკუა და გაგა მკურნალიძე. ბაჩომ მკითხა, ხომ არ მქონდა სურვილი ჩემი „იქს-5“ მეჩუქებინა ჭაკუასთვის, ანუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის,“ - ამბობს დაზარალებული აბესაძე.

აბესაძე ახალაიას მოთხოვნას დასთანხმდა. მაგიდასთან მსხდომი მაღალჩინოსნების თანდასწრებით, მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მისი მეგობარი მივიდოდა სახლში და მანქანა გაეტანებინა. მისივე თქმით, გაგა მკურნალიძე წავიდა მასთან სახლში და გასაღები 15 წუთში მოიტანა.

„პარალელურად, ჩემს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა გრძელდებოდა, გრიგოლ ბაკურაძემ ერთ მომენტში დამიცვა, თუმცა ბაჩო ახალაიამ ბაკურაძე სცემა და გარეთ გამოუშვა. დაჟინებით მთხოვდნენ ისევ, რომ დამეჩოქა და გიგი კალანდაძისთვის ბოდიში მომეხადა და პარალელურად მცემდნენ. შემდეგ ბაჩო ახალაიამ გიგი კალანდაძეს მოუწოდა გაჩერებულიყო. კალანდაძემ არ დაუჯერა, რაზეც მცირე შეკამათება მოუვიდათ ახალაიას და გიგი კალანდაძეს. შემდეგ გიგი კალანდაძემ გასცა ბრძანება, რომ წავეყვანე და დავემწყვდიე“, - განაცხადა ზვიად აბესაძემ.
მისი თქმით, კალანდაძემ ეს დავალება გაგა მკურნალიძეს მისცა, რის შემდეგაც იგი რესტორნიდან გარეთ გაიყვანეს, სხვისი მაისური ჩააცვეს, სამარშუტო ტაქსის ფორმის ავტომობილში ჩასვეს, შემდეგ ვერცხლისფერ „მერსედესში“ გადასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
„თვალები დასიებული მქონდა, გზად ვეუბნებოდი მანქანაში მყოფ ბიჭებს, რომ ჩემთვის წყალი მოეწოდებინათ. მათ წყალი მომაწოდეს, თვალები ამოვიბანე და გავარკვიე, რომ გლდანისკენ მივყავდი, შემდეგ მუხიანისკენ გადაუხვიეს. ერთ-ერთ კორპუსთან, სადარბაზოსთან ახლოს გააჩერეს მანქანა.

შემიყვანეს პირველ სართულზე, ჩემთან ერთად დარჩა ორი სპეცრაზმელი, ისინი, ვინც მანქანაში გვერდით მესხდნენ. ტელეფონი ჩამომართვეს. იქ ყოფნის პერიოდში ვიღაც უცნობი რეკავდა და ინფორმაციას კითხულობდა. მეორე დღეს მოვიდა გაგა მკურნალიძე, მალამოები მომიტანა, რომ სახეზე წამესვა და დაზიანებები მომერჩინა.

ამან მაგრძნობინა, რომ ჩემს მოკვლას არ აპირებდნენ. გაგა მკურნალიძის მოსვლიდან ორ საათში გაისმა ზარი, შემდეგ წამიყვანეს ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც მუხიანში გადამიყვანეს. მითხრეს, რომ გაგიშვათ რას იტყვიო. ვუთხარი, ვიტყვი, რომ ავარიაში მოვყევი. დამიბრუნეს ჩემი მანქანა და სახლში წავედი,“ - განაცხადა ზვიად აბესაძემ.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებული აბესაძე, რომელმაც სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა, ბრალდებულების ახლობლებისგან თავდასხმისგან ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. მას სასამართლო პროცესზე პროკურატურის „სუტინიორი“ უწოდეს. სასამართლო პროცესზე, რომელიც 7 მაისს განახლდება, რამდენიმე მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი, რომლებიც აბესაძის მსგავსად, თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიასა და გენერალ გიგი კალანდაძის მხრიდან ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ გენერალი კალანდაძეს გარკვეული ურთიერთობები ჰქონდა ყოფილ მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან და სწორედ მისი ინიციატივით მოხდა მისი ასეთი კარიერული წინსვლა და დაწინაურება, როგორც წოდებით, ასევე შტაბის უფროსად დანიშვნა. ის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მაქსიმალურად ცდილობდნენ კალანდაძისთვის მაქსიმალური პირობების შექმნას, ეს იმ პრემიებიდანაც დასტურდება, რომელიც გენერალ კალანდაძეს აქვს მიღებული.

ა-ო „საქართველოს განვითარევის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მუდმივად არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალაია და კალანდაძე ძალადობდნენ სამხედრო მოსამსახურეებზე, თუმცა ამის შესახებ სამხედროები ხმაღლა ვერ საუბრობდნენ, რადგანაც სამხედროებზე ტოტალური თვალთვალი მიმდინარეობდა.

„იყო ინფორმაცია, რომ ახალაია და კალანდაძე მუდმივად ახდენდნენ ფიზიკურ ძალადობას სამხედროებზე, მაგრამ არც ერთს არ გაუკეთებია ხმამაღლა ისეთი განცხადება, რაც საჯაროდ განაცხადა ზვიად აბესაძემ. მასიურად ისმინებოდა სამხედროების ტელეფონები და გარდა ამისა, იყო შიში კონკრეტულად ბაჩო ახალაიასი და გიგი კალანდაძის. ამ მოწმის ჩვენება ცხადყოფს, რომ კონკრეტულად კალანდაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს. ძალიან მძიმეა, როდესაც გენერალური შტაბის უფროსს უყენებენ ასეთ დანაშაულს,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისივე თქმით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მაქიმალურად უნდა მოხდეს ამ ადამიანების დასჯა, რომ არავის არ გაუჩნდეს მსგავსი მოქმედების სურვილი.

„ეს განპირობებული იყო იმით, რომ არც ერთი სახელისუფლებო შტო თავის ფუნქციას არ ასრულებდა. მაგალითად, საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც უნდა გაეწია მონიტორი თავდაცვის უწყებისთვის, რეალურად არ ახორციელებდა საპარლამენტო კონტროლს.

უფლებების კუთხით ძალიან რთული იყო სახალხო დამცველისთვის მუშაობა, რომელსაც ევალებოდა ამ საკითხის გამოძიება. ტენდენცია იყო, რომ შიშზე დაფუძნებით მოეპოვებინათ ძალაუფლება ხელისუფლების წარმომადგენლებს და რაც მთავარია, მათი დასჯა არ ხდებოდა იმ უკანონობისთვის, რასაც ისინი სჩადიოდნენ აქამდე,“ - ამბობს for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდია.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველის შეიარაღებული ძალების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ოფიცრებს შორის ურთიერთობის ეთიკური ნორმები.

„ომის გმირია თუ არა, მისი დაჩოქება და ასეთ თემებზე აპელირება, მიუღებელია. ომის გმირი ხარ თუ არ ხარ გმირი, ადამინის უფლება არის დაცული. მისი უფლებების დარღვევა არანორალურ მოვლენად ითვლება შეიარაღებულ ძალებში, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში და არა მარტო ცივილიზებულში.

კალანდაძის მკაცრი დამოკიდებულება, რომელიც არაა მოქცეული ეთიკის და ადამიანობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არანორმალურია. ჩემთვის ახლა მთავარია შეიარაღებული ძალები და არ მაინტერესებს კალანდაძე რას აკეთებდა, კალანდაძე არის ამ სისტემის ნაყოფი. ეს სისტემა გვაქვს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან და ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა.

ირაკლი ალასანია მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეურაცხოფას არ მიაყენებს ჯარისკაცს და ოფიცერს, მაგრამ სისტემურად არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ თუ სისტემას არ შევცვლით, კალანდაძე იქნება ეს თუ პეტრიაშვილი, ასეთი ფიგურა აუცილებლად გამოჩნდება,“ - აცხადება გიორგი თავდგირიძე.