”ლიბერთი ბანკისთვის” პენსიონერთა ასკაციანი რიგი ტრადიციაა და არა პრობლემა

”ლიბერთი ბანკისთვის” პენსიონერთა ასკაციანი რიგი ტრადიციაა და არა პრობლემა

ყოველი თვის შუა რიცხვებში, რუსთავში ”ლიბერთი ბანკის” კართან ასამდე პენსიონერი დგას. ბანკი ფულადი გზავნილების მიღების, გაცემის, სხვადასხვა სახის გადასახადების გადახდის გარდა პენსიებს არიგებს.

ამინდის გაუარესების მიუხედავად, პენსიონერებს ადმინისტრაცია ბანკის გარეთ ალოდინებს, ამ დროს, კი ”ლიბერთის” სამი ოპერატორი, ასევე სამ რიგად დამწკრივებულ, უკვე შენობაში მყოფ მოქალაქეებს ემსახურება.

”ყოველი პენსიის აღება მინიმუმ საათ-ნახევარი ლოდინის შედეგად გვიწევს. თბილ დღეებში არაუშავს, მაგრამ ზამთარში რა ვქნათ?! მოხუცები ვართ, თვიდან-თვემდე პენსიას ველოდებით. აქ, თუ გავცივდი და ეს ფული წამლებს მოვახმარე, რა ვჭამო?! კარგია, რომ ბანკმა ახალი შენობა გააკეთა, წინათ რაღაც უბედურება ადგილას გვიწევდა ფულის აღება, მაგრამ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ფართი და შიგნით კომფორტი მეტი აქვთ, ოპერატორების მომატებაზე არ ფიქრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვე ხედავენ - ასამდე ადამიანი ვდგავართ რიგში. ამის საპასუხოდ შეიძლება გითხრან, ხალხი პენსიის პირველ დღეს რატო გვაწყდებაო? უთხარით, ეთერი ბებოს თავისი პენსია ყოველდღიურად პურის საყიდლად აქვს დანაწილებული და ყოველი თვის 15-ში უპუროდ, რომ არ დარჩეს იმიტომო“ – პენსიონერ ქალბატონს, სხვა რიგში მდგომებიც ეთანხმებიან. ბანკში შესვლაში გვეხმარებიან და ,,უფროსთან” კითხვებს გვაბარებენ.

”პრეს-სამსახურის ნებართვის გარეშე კომენტარს ვერ გავაკეთებს” - გვეუბნება მენეჯერი. ამ ფრაზას ქვემო ქართლში იმდენად ხშირად ვისმენთ, ალბათ, უხმოდ მხოლოდ პირის მოძრაობითაც, რომ გვითხრან, ვხვდებით რას გვეუბნებიან.

ვრეკავთ ”ლიბერთი ბანკის” ნომერზე. ”რიგებს რაც შეეხება, ასე ხდება ყოველი თვის 15 რიცხვიდან. ამ დროს ჩვენ პენსიას ვარიგებთ” - ამბობს ბანკის ოპერატორი გოგონა. როცა ხვდება, რომ მისთვის ტრადიციულ და ბუნებრივ მოვლენას, ჩვენ პრობლემად აღვიქვამთ, ცდილობს პრეს-სამსახურთან დაგვაკავშიროს. საბოლოოდ, ვთანხმდებით კითხვების მეილზე გადაგზავნას. ”ლიბერთი ბანკის” პრესსამსახურისგნ ორკვირიანი ლოდინის შემდეგაც ვერ ვიღებთ პასუხებს.

”ლიბერთი ბანკის” რიგებზე რუსთაველი მოქალაქეები ჟურნალისტებთან და ფორუმზე ”რუსთაველები” ხშირად წერენ. კითხვაზე, თუ რას შეცვლიდით რუსთავში, პირველ ხუთეულში ჩვენი საუბრის თემაცა. ”ყოველი თვის შუა რიცხვებში, ყოფილ სახალხო ბანკში ვერ შეხვალ, პენსიონერების რიგებია. ავდგებოდი და ამ ხალხს პლასტიკურ ბარათებს მივცემდი’’ – წერს ერთ-ერთი ფორუმელი.

რამდენად გაითვლისწინებს პენსიონერების და გამოსავლის მაძიებელი ხალხის იდეებს ”ლიბერთი ბანკი”, რთული სათქმელია. თუმცა, ბანკის წინ პანსიონერთა ასკაციანი რიგი უკვე პრობლემაა.