რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა, რომ არც წლის სიმბოლო- ვეფხვი დარჩეს განაწყენებული და არც ჩვენი ჯიბე დაცარიელდეს? ვეფხვი კერძების მიმართ ზედმეტად პრეტენზიული არაა და შეიძლება, სადღესასწაულო სუფრა დელიკატესით და ეგზოტიკური კერძით არ შევავსოთ, მაგრამ საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს ღორის, ქათმის, ინდაურის და კურდღლის ხორცი. ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, საქონლის ხორცზე დიდი მოთხოვნილება ვეფხვს არ აქვს, რადგან აღმოსავლური ლეგენდის თანახმად, ვარსკვლავურ ცაზე შერკინებისას ვეფხვს ხარმა აჯობა და ამით ვეფხვი დაამცირა. შესაბამისად, საქონლის ხორცი თურმე არ უნდა მივართვათ ვეფხვს.
წლევანდელი საახალწლო ფასების შესახებ for.ge-ს პროფესორი, ეკონომისტი პაატა აროშიძე ესაუბრა.
ვეფხვის წელიწადიდან გამომდინარე, ეს მტაცებელი ცხოველი ხორცის მოყვარულია. ამდენად, საახალწლო სუფრა ხორცის გარეშე ვერ ჩაივლის. მთლიანობაში, წლევანდელი წლის ფავორიტის გემოვნების მოთხოვნილების გათვალისწინებით, რა ჯდება საახალწლო სუფრა, შარშანდელთან შედარებით ფასები რა პროდუქტებზეა მომატებული?
- აგრარული ბაზრის ფასები, არაორგანიზებული ბაზრის ფასები, ნაწილობრივ სუპერმარკეტის ფასები საშუალოდ მაქვს დაჯამებული და შემიძლია ვთქვა, ძირითადი საახალწლო პროდუქცია, რომელიც უნდა იდოს სუფრაზე, საკმაოდ გაძვირებულია. ყველის ფასი 2011 წლის დეკემბრიდან დღევანდელ დღემდე სადღაც ოთხჯერაა გაზრდილი, ანუ 2011 წლის დეკემბერში ყველი ღირდა 7,5-8 ლარი, მაშინ, როცა დღეისთვის იმერული ყველის ფასი, მაგალითად, ბათუმში სადღაც 17 ლარის ფარგლებშია. ეს წინასაახალწლო ღირებულებაა. თბილისში ყველის ფასი ცოტა უფრო იაფია, რადგან ბათუმი მაინც საკურორტო ქალაქია და საკურორტო ქალაქებში ფასები ცოტა მეტია. თანაც, თბილისს ამარაგებს როგორც კახეთის რეგიონი, ქართლის რეგიონი, ისე დასავლეთი. ბათუმს კი ამარაგებს გურიის რეგიონი, ნაწილობრივ იმერეთის რეგიონი და მის ირგვლივ მდებარე აჭარის სოფლები, ანუ ბათუმს უფრო ნაკლები მომარაგება აქვს. რაც შეეხება კილოგრამი ღორის ხორცის ღირებულებას, 2012 წლის ფასთან - 7 ლართან შედარებით გაორმაგებულია, სადღაც 14-15 ლარამდე ღირს. რაც შეეხება ვეფხვის სხვა საყვარელ საჭმელს, კილოგრამი გოჭის ღირებულება 2011 წლის 15 ლარიდან გაზრდილია 20 ლარამდე, ანუ ათი კილოს ფარგლებში სადღაც 200 ლარამდეა. საქონლის ხორცი ღირდა 11 ლარი 2011 წლის დეკემბერში და დღეისთვის 17 ლარამდეა, თანაც, არა სამწვადე ხორცი, არამედ ჩვეულებრივი კერძისთვის საჭირო ხორცი. რაც შეეხება ჩურჩხელას, ლარიდან გაზრდილია 2-დან 3 ლარამდე, ნიგვზის ფასი 13 ლარიდან გაიზარდა 22-25 ლარამდე ხარისხის მიხედვით. ერთი კილოგრამი სამეგრელოს სულგუნის ღირებულება, ასევე, 22 ლარამდეა გაზრდილი. ამ ფასებიდან გამომდინარე, საშუალო ოთხკაციანი ოჯახისთვის საახალწლო-საშობაო სუფრის ღირებულება სადღაც 600 ლარამდე ჯდება, ესეც იმ დაშვებით, რომ ოჯახში ვიღაც მარხულობს, პანდემიის გამო სტუმრიანობა ნაკლებია. ამას ემატება ნამცხვარი, სხვადასხვა წვრილმანი, პატარა ბავშვების შემთხვევაში, მაშხალები და სხვა. პლუს ამას, სეზონური და ეგზოტიკური ხილი. ვერ ვიტყვით, რომ ეს 600-ლარიანი სუფრა უნიკალურია.
რამდენად ახდენს გავლენას სამომხმარებლო ფასებზე იმპორტირებული პროდუქცია?
-ძირითადად ეს არის შემოტანილი პროდუქცია, გარდა გოჭის და საქონლის ხორცისა. ადგილობრივი წარმოება პრაქტიკულად არ არის. თბილისისა და სხვა ქალაქების ქსელურ სუპერმარკეტებში („კარფურში“, „გუდვილში“, „სპარში“) ადგილობრივი წარმოების სუბტროპიკული პროდუქცია, როგორიცაა მანდარინი, ფორთოხალი, ვაშინგტონი, ლიმონი აღარ არის ქართულ დახლებზე. თბილისი ძირითადად გაჯერებულია ბერძნული, თურქული მანდარინით, კვიპროსის მანდარინით. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ აჭარის და ნაწილობრივ გურიის მანდარინი შემოაქვთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პატარა მოვაჭრეებს, ე. წ. ფარდულის მოვაჭრეებს, ვისაც ჰყავს ნათესავი აჭარა-გურიაში და უგზავნიან მცირე რაოდენობით. კარგია, საექსპორტო პოტენციალის ზრდა, ამ შემთხვევაში, ციტრუსოვან პროდუქციაზეა საუბარი, მაგრამ რეალურად ახლა თბილისის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ზამთრის სეზონის პერიოდში შეიძლება ვერც კი გასინჯოს აჭარის ოქროს ნობათი - მანდარინი. ამიტომ აუცილებელია ლოჯისტიკური პროცესები გაუმჯობესდეს.
იქნებ, მეწარმეს ურჩევნია, თუნდაც რუსეთში გაიტანოს პროდუქცია და გაცილებით მეტი თანხა აიღოს, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული პროდუქტით?
- კი, ადგილობრივი პროდუქცია, ქართული მანდარინი უკრაინაშიც გადის, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, სხვათა შორის, ფასებში დიდი სხვაობა არ არის. არადა, პირველ რიგში, საჭიროა, მომარაგდეს საქართველოს რეგიონები. ისევ ბათუმის შესახებ ვიტყვი, აქაურ სუპერმარკეტებში საკმაოდ რთული მისაგნებია ადგილობრივი ყურძენი - ცოლიკაური, თუ რქაწითელი. სამაგიეროდ, არის სომხური ყურძენი, სუფრის ყურძენს რასაც ვეძახით. გასაგებია, ღვინო იწურება ყურძნისგან და ღვინისთვის სჭირდებათ ეს პროდუქცია, მაგრამ საჭიროა ჯერ ადგილობრივი ბაზარი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. ცხადია, მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით პროდუქცია გააქვთ ერთბაშად ექსპორტით, მაგალითად, 10 ტონა მანდარინი, საშუალოდ, 3 ტონაზე ნაკლებს ოჯახი არ აბარებს და ექსპორტით 20-15-ჯერ მეტი მანდარინი გააქვთ, მაგრამ რეალურად საჭიროა ადგილობრივ ბაზარზეც მიეწოდოს პროდუქცია ჩვენს მოსახლეობას. ცხადია, ექსპორტის დროს ტრანსპორტირების ხარჯი უფრო ძვირია, ვიდრე მაშინ, ქობულეთელმა გლეხმა თბილისში რომ ჩამოიტანოს პროდუქცია, მაგრამ როცა პარტიებად გააქვთ პროდუქცია, უფრო მეტი მოგება რჩებათ. თუმცა წმინდა ფინანსურ მოგებაზე ახლა არ ვსაუბრობ, არამედ იმ ფენომენზე, რომ ადგილობრივი პროდუქცია ქართულ დახლებზე ვნახოთ. ხშირია ისეთი შემთხვევა, რომ აღმოსავლეთის მკვიდრი დასავლეთისთვის დამახასიათებელ პროდუქციას ვერ დააგემოვნებს და პირიქით.
თქვენ სამომხმარებლო ფასებზე ისაუბრეთ. საქართველოს მოსახლეობის რა პროცენტს ექნება იმის საშუალება, რომ თუნდაც მინიმალური 600-ლარიანი სუფრა გაშალოს?
- ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახიც ცდილობს, მაქსიმალურად წელში გამართული შეხვდეს ახალ წელს და საშობაო სუფრას არაფერი მოაკლოს. ეს ყველაფერი ხდება ეკონომიის ხარჯზე, ანუ მოიკლეს წინა პერიოდში რაღაცის ყიდვის სიამოვნება და საახალწლო სუფრაზე გამოიჩენენ თავს. პანდემიიდან გამომდინარე, სტუმრიანობა ახლა ნაკლებადაა მოსალოდნელი. ღვინო ავიღოთ, საეჭვო წარმომავლობის ერთი ლიტრი ღვინის ყველაზე დაბალი ფასი 3-5 ლარია, 15-20-25 ლარიც კი ღირს ხვანჭკარა, ალადასტური და ასეთი ბიოღვინოები. ახალი წელი ყოველთვის საოჯახო დღესასწაულია, პლუს ამას, მისვლა-მოსვლის დღესასწაული. აქ უკვე მთავარია, ახალი წლის, შობის შემდგომ პერიოდში რა შემოსავალი და რა თანხები დარჩება ადამიანს. მდიდრულს თუ არა, საშუალო დონის საშობაო სუფრას ყველა გაშლის. ქართველები მაინც მითოლოგიის შემყურენი ვართ და, თუ ვეფხვს ხორცეულობა იზიდავს, არავინ არ დააკლებს სუფრას ხორცეულობას.