ვლადიმერ ბოჟაძე: ევროპულ ქვეყნებში პერსონალური ინფორმაციის დაცვის სამსახური ცალკეა წარმოდგენილი

ვლადიმერ ბოჟაძე: ევროპულ ქვეყნებში პერსონალური ინფორმაციის დაცვის სამსახური ცალკეა წარმოდგენილი

თავად ლონდა თოლორაიამ სამსახურის საგამოძიებო მიმართულების გაძლიერების გეგმა წარადგინი, რაც ნიშნავს, რომ მათთვისაც ამ ფუნქციის შესრულება დამატებითი მექანიზმების გარეშე რთული იქნებოდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შედეგადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორ უწყებად ჩამოყალიბდება.

„საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში პერსონალური ინფორმაციის დაცვის სამსახური ცალკეა წარმოდგენილი: ზოგან კომისიის სახით, ზოგან სახელმწიფო სტრუქტურის შიგნით, ზოგან კი როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ეს იმასა ნიშნავს, რომ მას სხვა ფუნქციები არ გააჩნია. ფუნქციების დუბლირება ან დამატებით 2-3 ფუნქცია ერთდროულად ჰქონდეს, ამ ტიპის სამსახურს, მე არ მახსენდება“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ლონდა თოლორაია პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად დაყოფის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფას მხარი დაუჭირა. ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილების შედეგად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.