გია გაბრიჭიძე: არ ვიცი ვინ იყვნენ ის „თაღლითი დიზაინერები“, რომლებმაც სააკაშვილი პირველად მოატყუეს და დაარწმუნეს, რომ ერთდროულად იყო აღმაშენებელი, ჯეფერსონი, რემბო, ეიფელი, ან იური გაგარინი

გია გაბრიჭიძე: არ ვიცი ვინ იყვნენ ის „თაღლითი დიზაინერები“, რომლებმაც სააკაშვილი პირველად მოატყუეს და დაარწმუნეს, რომ ერთდროულად იყო აღმაშენებელი, ჯეფერსონი, რემბო, ეიფელი, ან იური გაგარინი

„ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს, რომ ის პატიმარია და პატიმარს აქვს საკმაოდ დიდი შეზღუდვები. ვერ აღიქვამს, რომ ის არ არის იალბუზზე მიჯაჭვული ამირანი და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც არ მოიძებნება იმდენი ყურშა, რომლებიც კანონის ჯაჭვის გაწყვეტაში დაეხმარება“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

გაბრიჭიძე პოსტში აფასებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ ვერ აღიქვამს რეალობას, რაც ერთ-ერთი მიზეზი მის მომხრეებშია, რომლებიც აქტიურად უსვამდნენ ხაზს მის სრულყოფილებაზე, რაც თავადაც დაიჯერა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ერთი ადამიანიც კი ვერ ეხმარება მას ამ მდგომარეობიდან გამოყვანაში.

 „ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ერთის შეხედვით დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანი საკუთარი გარემოცვის მონა და შესაბამისად მსხვერპლი გამხდარა. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ამის ჩაძიება უფრო ფსიქოლოგების საქმეა და ამიტომ არ შევეხები, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ სააკაშვილის მაგალითი ამის ნათელი დადასტურებაა. ყველას გვახსოვს ანდერსენის ზღაპარი „შიშველი მეფე“. არ ვიცი ვინ იყვნენ ის „თაღლითი დიზაინერები“, რომლებმაც სააკაშვილი პირველად მოატყუეს და დაარწმუნეს, რომ ერთდროულად იყო აღმაშენებელი, ჯეფერსონი, რემბო, ეიფელი, ან იური გაგარინი, მაგრამ მისი გარემომცველი ხალხი, ვისაც არ სურდა ბრიყვად წარმოჩენილიყო შიშველ მეფეს ათასგვარი დითირამბებით ამკობდნენ და მათი ეს აღტკინება კიდევ უფრო უმძაფრებდა თავისი განუმეორებლობის დაჯერების იშტას, ცნობილია. ცხადია სააკაშვილს ჰქონდა ქარიზმა, რომელმაც ადამიანების იმ გარკვეულ ნაწილზე იმოქმედა, რომლებიც მხოლოდ ფასადურად ხედავდნენ მის საქმიანობას. ხედავდნენ და იჯერებდნენ, იმას, რომ მიშა იყო ერთადერთი, განუმეორებელი და ჩრდილოელ დევთან მებრძოლი ხუთკუნჭულა. სამწუხაროდ ეს პროგრესირებადია, რასაც ხელს უწყობს მეგი გოცირიძის მსგავსი ხალხის მხრიდან სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასება, რომ მის გარეშე მზე აღარ ამოდის და სააკაშვილიც ვერ ხედავს არსებულ რეალობას. ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს, რომ ის პატიმარია და პატიმარს აქვს საკმაოდ დიდი შეზღუდვები. ვერ აღიქვამს, რომ ის არ არის იალბუზზე მიჯაჭვული ამირანი და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც არ მოიძებნება იმდენი ყურშა, რომლებიც კანონის ჯაჭვის გაწყვეტაში დაეხმარება. არ არის მეფე ლომი სიმბა, რომლის ერთ ძალუმ დაღრიალებაზე მისი მტრები ფართხაფურთხით გაიქცევიან. და ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ მას თავად ჰქონდა და აქვს ასეთ არარეალურ მიკრო-სამყაროში ცხოვრების სურვილი, რაც ცხადია კარგად გამოიყენა მისმა უახლოესმა გარემოცვამ და ფაქტობრივად საბოლოოდ გააშიშვლეს. გააშიშვლეს და ყველას აჩვენეს, რომ ის ერთი ბეჩავი, რეალობიდან ამოვარდნილი ადამიანია. საოცარია, მაგრამ ის ბავშვები, ვინც მეფეს თამამად ეუბნებიან, რომ შიშველია და ნებით, თუ უნებურად მისი გულშემატკივრები არიან, მისი გარემოცვისგან მტრებად არიან შერაცხილნი და საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით მაქსიმალურად ცდილობენ სიმართლისგან მის იზოლირებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი - მე არ ვიცი როგორ შეიძლება მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. არ ვიცი რადგან ეს სპეციალისტების საქმეა, მოახერხონ სააკაშვილის რეალობაში დაბრუნება. ეგაა და ეგ“- წერს გია გაბრიჭიძე.