მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას, მასზე ფიზიკურად არ უძალადიათ. მისი თქმით, სააკაშვილი იმდენად დაუძლურებულია, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია.
„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. როგორც თვითონ მითხრა, ბევრმა ადამიანმა მიაკითხა ეტლით და ჩასვეს ეტლში. მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. მითხრა, მივხვდი, რომ აღელვების შემთხვევაში, შეიძლებოდა, უარესი დამმართნოდაო. ამიტომ, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და ზემოქმედება არ ყოფილა“, - აცხადებს გვარამია.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად გაიყვანენ პენიტენციური სისტემიდან. „ამ წუთში, ამ ეტაპზე, ამოცანა არის სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ - ქართული პენიტენციური სისტემიდან. იქნება ეს საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება. ეს გაყვანა აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.