მიხეილ სააკაშვილს სჭირდება რეაბილიტაცია და გადმოჰყავთ ფაქტობრივად მოსაკლავად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ხელს აწერენ პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე, უკვე დიდი ხანია მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. მიხეილ სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ თუ რეაბილიტაციის დასრულებამდე გადაიყვანდნენ ციხეში დაიწყებდა შიმშილობაა. პარტია, რა თქმა უნდა, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. უნდათ რომ ამ ბრძოლაში გამოგვიწვიონ, აუცილებლად მიიღებენ, ნურავის ნუ ჰგონია, რომ ვინმე აპირებს ხელების ჩამშვებას და მხოლოდ შიმშილობით შემოფარგვლას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.