ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის საკუთარი ნებით წამოსული, მას აქვს ნათქვამი, რომ დაიწყებდა შიმშილობას, თუ ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი

ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის საკუთარი ნებით წამოსული, მას აქვს ნათქვამი, რომ დაიწყებდა შიმშილობას, თუ ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი

ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი - სხვა შეფასება ამ ფაქტს არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

„ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, წავიდნენ ღია მკვლელობაზე. სხვა შეფასება არ შეიძლება ამას ჰქონდეს. ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში და საჭიროებდა ექიმების დაუყოვნებლივ ჩარევას. არავინ იცის, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის საკუთარი ნებით წამოსული. მასზე განხორციელდებოდა ზეწოლა, განხორციელდებოდა ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა. რამდენად ეყოფოდა მას გამკლავებისთვის ძალა, ვერ გეტყვით, რადგან უკიდურესად სუსტად იყო. რაც მთავარია, მას აქვს ნათქვამი, თუკი ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი, ის დაიწყებდა შიმშილობას“, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.