საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც გვარამიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს დაუდასტურა.
„დაურეკეს მეორე ადვოკატს და უთხრეს, რომ გადმოყვანილია, მაგრამ უნდა ვნახო. ჯერ ერთი, ჩემთვის არავის დაურეკავს და მეორე, შეკითხვაზე - ჰქონდა თუ არა ინციდენტს ადგილი, პასუხი არ გასცეს, ყურმილი დაუკიდეს და ახლა არ იღებენ.
უნდ ვნახო პატიმარი ყველა შემთხვევაში. არ ვაპირებ ვინმესთან დავა-სჯა-კამათს. მე მაინტერესებს ამ წუთში, რომ ის არის ცოცხალი, ეს ერთი და მეორე, რომ არ აქვს დაზიანებები მიყენებული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.