მსოფლიოში ყველა პატიმარი თანაბარია თავის უფლებებში, შესაბამისად, სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ხშირად მესმის საყვედურებიც იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის, დამნაშავის მიმართ ხომ არ არის გადაჭარბებული ყურადღება, გადაჭარბებული ემოციები. ჟურნალისტების ნაწილიც ამას უწყობთ ხელს, მისი აქტუალიზაციის მიზნით, მაშინ ხომ არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი ყველა დანარჩენი პატიმრის მსგავს უფლებრივ მდგომარეობაში. მოქალაქეების მოწერილი მინახავს, რომ სასტუმრო ხომ არ არის, ასობით მნახველი რომ შედის მასთან, მაშინ სხვასთანაც ასე უნდა შევიდესო. მსოფლიო განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი პატიმრის ცნებას არ ცნობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.