რაც შეეხება უშუალოდ შალვა პაპუაშვილს, მას წარდგენა არ სჭირდება, ყველამ იცის მის შესახებ. მოკლედ მაინც ვიტყვი ორ სიტყვას მის განათლებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს ადამიანი, რომელსაც აქვს გამორჩეული განათლება, - ამის შესახებ განაცხადა ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„მას აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა სამართლის მიმართულებით გერმანიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც მას ზურგს გაუმაგრებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას. მას აქვს ძალიან სერიოზული, მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში წლების განმავლობაში ის უძღვებოდა ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებს, რამაც სერიოზული წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიული სისტემის განვითარებაში, სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. მას აქვს ასევე უნივერსიტეტებში მუშაობის ძალიან სერიოზული გამოცდილება, სადაც ის მოღვაწეობდა პროფესორის თანამდებობაზე სხვადასხვა უნივერსიტეტში და პარლამენტში ძალიან აქტიურად არის ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში. განსაკუთრებით გამოვყოფ საარჩევნო რეფორმას, რომელსაც შალვა პაპუაშვილი წარმართავდა ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგასთან ერთად. ეს საარჩევნო რეფორმა იყო ძალიან წარმატებული. ამ პროცესმა აჩვენა ის, რომ ჩვენ შეგვძლებია ერთად მუშაობა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რომ შალვა პაპუაშვილი ძალიან ღირსეულად გაუძღვება პარლამენტის მუშაობას. მე ვიტყოდი რომ, თავისი განათლებით, პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებით შალვა პაპუაშვილი დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.