კახა კუჭავა იყო ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ძალიან რთულ დროს გამორჩეულად სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მეც შევუერთდები მადლობას კახა კუჭავას მიმართ, მასთან ჩვენს გუნდს და პირადადმე , ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. თამამად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ კახა კუჭავა იყო ძალიან ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ძალიან რთულ დროს გამორჩეულად სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ბევრი საქებარი სიტყვა და მადლობა მოვისმინე არა მხოლოდ უმრავლესობის მხრიდან, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებიდანაც.
მახსოვს, მისი [კახა კუჭავა] არჩევის დროს, მის მიმართ არა მხოლოდ აგრესიული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება. დღეს ეს განცხადებები ჩაანაცვლა მადლობის სიტყვებმა. მოგიწოდებთ - კარგად დააკვირდეთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და მადლობის სიტყვები მას უთხრათ ხოლმე საქმიანობის პროცესში და არ შემოვინახოთ სამომავლოდ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ის ბევრ მადლობის სიტყვას დაიმსახურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.