უთოვლობამ საკურორტო გეგმები შარშანდელი თოვლივით გააქრო

უთოვლობამ საკურორტო გეგმები შარშანდელი თოვლივით გააქრო

თბილისი ახალ წელს თოვლის გარეშე შეხვდება, თუმცა თბილისს რა უჭირს - მთავარი პრობლემები სამთო კურორტებზეა. ბაკურიანსა და გუდაურში თოვლი ჯერ თვალით არავის უნახავს. შესაბამისად, დამსვენებლებიც კანტი-კუნტად მიდი-მოდიან. ვინც უკვე აპირებდა თოვლიან მხარეში გამგზავრებას, გეგმები უკვე ჩაეშალა.
გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრისხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უნალექო ამინდები წლის ბოლო დღეებშიც შენარჩუნდება.

“შესაძლოა 31 დეკემბერს, ისიც - მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, მცირე ნალექი მოვიდეს. 1-ლი იანვრიდან კი ტემპერატურა მთელ საქართველოში დაეცემა, თუმცა თოვას არც ამ შემთხვევაში ვვარაუდობთ. წლევანდელი ნოემბერი და დეკემბერი ნამდვილად უჩვეულო და ანომალური იყო”, - განაცხადანიორაძემ.

მისივე თქმით, ციკლონმა, რომელსაც ელოდნენ, უკვე გადაიარა და ნავარაუდევი ამინდიც, რომელიც მას უნდა მოჰყოლოდა გამართლდა. ”კატასტროფებს არც ველოდით. ერთადერთი, რასაც ვვარაუდობდით, იყო ტემპერატურის დაცემა და ძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში, რაც გამართლდა კიდეც”, - აღნიშნა ნიორაძემ.

მცირეთოვლიანობა საქართველოს ზამთრის კურორტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ბაკურიანის სასტუმროს მფლობელები, თბილი ამინდებით გამო, შეშფოთებულნი არიან და შიშობენ, რომ ამინდის გამო, შარშანდელთან შედარებით, ნაკლები დამსვენებელი ეყოლებათ.

იანვარში აღმოსავლეთ საქართველოში თოვლს არ ელიან. როგორც იქ აღნიშნეს, მომავალი თვის პირველი ნახევარი კვლავ თბილი იქნება და ნალექიც ნაკლებ სავარაუდოა, იანვრის მეორე ნახევრიდან კი, შესაძლოა, თოვლი მოვიდეს. ასევე, არ არის გამორიცხული, მცირე თოვლი ბაკურიანსა და გუდაურში მხოლოდ 30-31 იანვარს წამოვიდეს.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ ამ პერიოდში მცირე თოვლი ბაკურიანისთვის საგანგაშო მოვლენა არ არის, იქ იმედს გამოთქვამენ, რომ იანვარში თოვლი საკმარისი რაოდენობით მოვა.

უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი ცალკეულ სასტუმროებში. ბაკურიანში მდებარე სასტუმრო “თბილისში” აცხადებენ, რომ კურორტზე ახლა გაზაფხულია. რაც შეეხება სტუმრებს, სასტუმროს მენეჯმენტის განმარტებით, ახალ წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე, როგორც წესი, აზერბაიჯანელები ხვდებიან. სწორედ მათ აქვთ დაჯავშნული საახალწლო დღეებში ნომრების 95%. შესაბამისად, ამ პერიოდში ჯავშნების გაუქმების საფრთხე არ არსებობს.

მაგრამ, უკვე იანვრიდან, როდესაც კურორტზე ქართველი დამსვენებელი დაიწყებს ჩამოსვლას, შესაძლოა, მათმა ნაწილმა, მცირე თოვლის გამო, ბაკურიანში დასვენებაზე უარი თქვას - ასე ფიქრობენ სასტუმროებში “ვილა პალასსა” და “ვერე პალასში”.

ადგილობრივების თქმით, ასეთი თბილი და უთოვლო ზამთარი ბაკურიანს 5 წელია არ ახსოვს. ისინი შიშობენ, რომ ამის გამო ქართველი მომხმარებლის ნაწილი უთოვლო კურორტზე დასვენებაში ფულის გადახდას მოერიდება.

ცივი თვეები ჯერ კიდევ წინაა და, ბუნებრივია, თოვლიც აუცილებლად მოვა, თუმცა უთოვლობა სეზონის დაწყებას აფერხებს. ზამთრის კურორტები ტურისტებს მაინც იღებენ, ოფიციალურად კი სათხილამურო სეზონი მას შემდეგ გაიხსნება, რაც თოვლი მოვა.

უთოვლობამ ნაკლები გავლენა იქონია შორეულ გეგმებზე. სამაგიეროდ, შეცვალა იმ ადამიანთა გეგმები, რომლებიც უკვე აპირებდნენ სათხილამუროდ ასვლას. მათ რამდენიმე დღის განმავლობაში მოცდა მოუწევევთ. ზოგიერთს კი ნანატრი შვებულების უქმად გატარებაც კი ემუქრება.

საქართველოს ზამთრის კურორტებზე საკმაოდ მაღალი ფასებია და არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ფასებს. სასტუმროში ერთი ღამის გასათევად გუდაურში, საშუალოდ, 120-150 დოლარია საჭირო, ბაკურიანში კი ფასები ორმოცდაათი ლარიდან იწყება. ფასები, რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო პირობებზე და მომსახურების დონეზეა დამოკიდებული.

“ბაკურიანსა და გუდაურში წასვლას ჯერ აზრი არ აქვს. როგორც წესი, შვებულებას დეკემბრის ბოლო ორ კვირაში ვიღებ ხოლმე სპეციალურად ამისათვის. წლეულს ჩემი გეგმები ჩაიშალა და გამოდის, რომ ტყუილად ავიღე დასვენების დღეები.
დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე თოვლი მოვა. თუ ასე არ იქნება, დავფიქრდებით, ღირს თუ არა კურორტებზე წასვლა. იმ ფულით, რაც იქ უნდა დავხარჯოთ, თბილისშიც კარგად გავერთობით”, - ასე ფიქრობენ თბილისელები და, სავარაუდოდ, იანვარში ნავარაუდევი თბილი ამინდები მათ აზრს ვერ შეაცვლევინებს.