პროკურორის განცხადებით, სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ მისცა

პროკურორის განცხადებით, სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ მისცა

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ მისცა.

პროკურორის თქმითვე, სწორედ აღნიშნული ჩვენება იყო ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა.

"ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სხვა პირები უკრაინაში არ იყვნენ, ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის ქმედებები თუ რაში გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთისას",- განაცხადა ვეფხვაძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულებმა გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება აღიარეს. ამასთან, ოთხივე მათგანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.