მამუკა ღლონტი: მომხდარის გამო მთელი პასუხისმგებლობა ბატონ კიწმარიშვილს დაეკისრება

მამუკა ღლონტი: მომხდარის გამო მთელი პასუხისმგებლობა ბატონ კიწმარიშვილს დაეკისრება

„მაესტროში“ შექმნილი პრობლემების გამო, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი განმარტებებს ეროსი კიწმარიშვილისგან ელოდება. განცხადება, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობა „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის კუთვნილი „რუსთავის მედიის კომპანიის“ მიზეზით შეფერხდა, არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. კახა ბექაურმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  ეროსი კიწმარიშვილი და მისი კომპანია ტელეკომპანიის მართვაში ობიექტური სამაუწყებლო არხის მშენებლობის გეგმით მოვიდა. თუმცა „ქართული პარტიის“ შექმნის შემდეგ საკუთარი ხედვა შეიცვალა და მოისურვა არხის ვიწროპარტიულ საქმიანობაში ჩართულიყო. ბექაურის განცხადებით, „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის და დამფუძნებლებისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა და ტელეკომპანიას დაფინანსების პრობლემებიც ამის შემდეგ შეექმნა.

 

იცოდნენ თუ არა დამფუძნებლებმა ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ, რამდენად უკავშირდება ეს პროცესები ეროსი კიწმარიშვილს და როდის შეიძლება გამოსწორდეს ვითარება? პრესაგე.ტვ ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს ესაუბრა.

 

მაესტროსგენერალური დირექტორის, კახა ბექაურის განცხადებით ტელეკომპანის ფუნქციობა ფინანსური პრობლემების გამო შეფერხდა. იზიარებთ მის პოზიციას, რომ ამ პრობლემების მიზეზი ეროსი კიწმარიშვილია?

– ამ თემაზე დღეს შეზღუდულ განცხადებებს გავაკეთებ, რადგან სიტუაციაში უკეთ გარკვევისთვის დრო ჯერ კიდევ მჭირდება. რაც შეეხება ხელშეკრულებას, რომელიც ტელეკომპანიამ ბატონი კიწმარიშვილის კომპანიასთან გააფორმა, ის პირველ რიგში ჟურნალისტთა თავისუფლებას, სარედაქციო დამოუკიდებლობას და მათ პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობას ითვალისწინებს.

 

ხელშეკრულების ეს პუნქტები ყველა პირობებში შესრულდება. ხოლო თუ ”მაესტროს” ფინანსური პრობლემები შეექმნა და არ გამოსწორდა, მომხდარის გამო მთელი პასუხისმგებლობა როგორც იურიდიული, ასევე,  მორალური თვალსაზრისით ბატონ კიწმარიშვილს დაეკისრება. მას თუ „მაესტროს“ დაფინანსების გაგრძელების საშუალება არ ჰქონდა,  ეს აქამდე რატომ არ გაგვაგებინა? მან კარგად იცის სატელევიზიო საქმე და ისიც,  რომ ყოველ მეორე დღეს გაჩერება ტელევიზიისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.

 

ახლა, მე მის პასუხს ველოდები და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ. რადგან მან ორჯერ მიიყვანა ტელევიზია იმ დონემდე, რომ საინფორმაციო გამოშვება ეთერში ვერ გადის. მან უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რატომ მოხდა ეს.

 

კახა ბექაურ განაცხადა, რომ თავიდან პრობლემა გენერალური დირექტორის პოსტზე მისი დარჩენის გამო წარმოიშვა, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ კიწმარიშვილის კომპანია სიტუაციის გამოსწორების პირობას არ ბექაურის წასვლის შემთხვევაში იძლეოდა... „მაესტროსმსგავსი პრობლემები მანამდეც შექმნია?

– „მაესტრო“ ამ ტიპის პრობლემის წინაშე ადრეც დამდგარა, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვინარჩუნებთ დამოუკიდებლობას. იმის მიუხედავად, რომ ბევრი, თუნდაც მაშინ, როდესაც ეთერში გადიოდა „საკანი“ თუ სხვა არგუმენტაციით, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან გვაკავშირებდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - „მაესტროს“ საქმიანობაში არასდროს არცერთი პოლიტიკური ძალა არ ჩარეულა. „მაესტროს“ არასდროს არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესები არ გაუტარებია. 

 

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის უნიათო საქციელის წყალობით, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, „მაესტრო“ საინფორმაციო ფორმატზე გადავიდა. ხელშეკრულებაში, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის კომპანიასთან დაიდო, მთავარი პუნქტები სწორედ ჟურნალისტების თავისუფლება და სარედაქციო დამოუკიდებლობა იყო.

 

მმართველმა კომპანიამ მოსალოდნელი ფინანსური პრობლემების შესახებ გაგაფრთხილათ?

– კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მეც მაინტერესებს რა პასუხს გასცემს ეროსი კიწმარიშვილი არა იმდენად კახა ბექაურს, არამედ საზოგადოებას. რატომ მიიყვანა მან „მაესტრო“  იმ დონემდე, რომ ორჯერ მოუხდა საინფორმაციო გამოშვების შეჩერება. ამ პრობლემებს ობიექტური მიზეზები თუ ჰქონდა და კიწმარიშვილის კომპანიას ტელეკომპანიისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსების მოზიდვა არ შეეძლო, ამდენ ხანს პირში წყალი რატომ ჩაიგუბა და საქმე ბოლო წერტილამდე რატომ მიიყვანა? ხვალ მე, მოვისმენ მის კომენტარებს და შემდეგ გავაკეთებ ჩემსას.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მიერ ვერკონტროლირებად მედიასაშუალებას პრობლემები ექმნება. ტელეკომპანიამაესტროსმაუწყებლობისთვის ხელის შეშლა შესაძლოა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესში შედიოდეს?

–  და არა მხოლოდ „მაესტროსთვის“ ხელის შეშლა. ეს ბევრი ადამიანის ინტერესში შედის. შორს წასვლაც არც არის საჭირო. თქვენივე ამბავი აიღეთ. ინტერნეტშიც უკვე ყველაფრის კონტროლს ცდილობს ჩვენი ხელისუფლება.

 

მე, როგორც საზოგადოების წევრი, ყოველთვის საზოგადოების მხარეს ვიქნები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ: პრესა თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. ის არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. სხვა დანარჩენი კი, პიარია და ასეთი პიარკომპანიები უხვად გვყავს აგერ: „იმედი“, „რუსთავი2“, „რეალტივი“.

 

ერთსაც ვიტყვი წინასწარმეტყველურად: სააკაშვილის ხელისუფლება ოდესმე რეალურმა ოპოზიციამ თუ შეცვალა, ვნახავთ როგორ შეიცვლიან პოზიციას  „იმედი“ და „რუსთავი2“. როგორც დაიწყებენ ახლადმოსული ხელისუფლების პიარს, როგორ მოეწონებათ ეს ხელისუფლებაში ახლადმოსულ ადამიანებს და როგორ დარჩება უარყოფით ბალანსში „მაესტრო“ და მისი მსგავსი ორგანიზაციები.

 

პოლიტიკური სპექტრის ნაწილმამაესტროსმხარდაჭერა უკვე დააფიქსირა. თუმცა, ჟურნალისტთა პროფესიული სოლიდარობის ფაქტები ნაკლებად ფიქსირდება. რატომ?

– ყველამ თავის გაფუჭებულ საქმეს მიხედოს. მედიას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი განცხადებები კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. საზოგადოების, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, 5 ლარად ყიდის ხმებს, ერთხმად ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს, ერთხმად სჩადის დანაშაულს და საზოგადოების, რომელიც საქართველოში აღარ არსებობს. ამას მე, სრული სერიოზულობით ვამბობ.

 

საზოგადოება, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ ოპოზიციის ლიდერებმა არ წაიყვანეს რევოლუციაზე, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ახალ ლიდერს იმისთვის ითხოვს, რომ მერე, საკუთარი პრობლემები ახალ ლიდერს გადააბრალოს.

 

რაც შეეხება ჟურნალისტებს, "პიარშიკებს" მე ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებ. ის ჟურნალისტები კი, ვინც ნამდვილად მედიის საქმეს ემსახურება ყოველთვის ერთად ვიდექით, ვდგავართ და ვიდგებით. უბრალოდ, ჩვენს ერთად დგომას შედეგი არ მოაქვს. 

 

მედიის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად მიუთითებენ...

– საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ფონდებზე, რომლებიც საქართველოში მედიის მდგომარეობის გამო ხშირ შემთხვევაში შეშფოთებას გამოთქვამენ ხოლმე აქვე ვიტყვი – კეთილი ინებონ და მოძებნონ ფორმები, როგორ დააფინანსონ თავისუფალი მედია. თორემ, მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით შორს ვერ წავალთ. მათ შესანიშნავად იციან რა დღეშია დამოუკიდებელი ქართული მედია – ჩვენთან რეკლამასაც ვერ მოიტან. ჩვენ ამ სიტუაციას რომ შევგუებოდით „მაესტრო“ დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა. პრესა, „მაესტრო“ იმისთვის არ მუშაობს, რომ გამდიდრდეს და მილიონები იშოვნოს.

 

სწორედ ამიტომ გვჭირდება დემოკრატიული საზოგადოების, დემოკრატიული ფონდების მხარდაჭერა. ყველა, ვინც ახლა „მაესტროზე“ მუშაობს საკუთარ, მოქალაქეობრივ მოვალეობას ასრულებს. მე არ მეგულება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც ყოველი გადაღების წინ ეშინოდეს, რომ გადაღებაზე წასული შეიძლება სცემონ და მაინც აგრძელებდეს აქ მუშაობას. ამიტომ, საზოგადოებამ კეთილი უნდა ინებოს და უზრუნველყოს დამოუკიდებელი მედიის მუშაობა. ამ შემთხვევაში მხოლოდ „მაესტროს“ არ ვგულისხმობ. დამოუკიდებელი მედიის გარეშე არ იქნება არაფერი. 1936 უკვე დამდგარია. ერთი წელიც და 1937–ში დაბრუნდება საქართველო.