მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: მისი გაყოფითა და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებით, საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ძლიერდება

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: მისი გაყოფითა და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებით, საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ძლიერდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება შედეგად, ორივე - საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციებს გააძლიერებს.

„ყველაზე ლეგიტიმურია კითხვა: საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები თავსებადია თუ არა ერთმანეთთან და სადმე, ცივილიზებული სამყაროს თუნდაც ერთ ქვეყანაში, არის თუ არა ისინი ერთად, პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია ითავსებს თუ არა საგამოძიებო ფუნქციასაც? ამაზე პასუხი არის „არა“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

ის უწყების დღევანდელი სახით ფორმირებას „რიგი სუბიექტური ფაქტორებით ხსნის“ და განმარტავს, რომ ეს მმართველი გუნდის „ყოფილ ლიდერს უკავშირდებოდა“.

„ეს უნდა ვაღიაროთ. გულწრფელად თუ არ ვთქვით, საზოგადოება, სხვანაირად, არ დაგვიჯერებს. დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ გავიაროთ, რა არის სწორი ინსტიტუციურად, შესაძლებელია თუ არა, ეს ორი ფუნქცია ერთად იყოს, ნათელია, რომ ისინი არაა თავსებადი და მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციასაც ითავსებდეს. მეორე კითხვა და ასპექტი არის ის, თუ რამდენად სუსტდება ინსტიტუტი და ფუნქციები. პირიქით, ორივე ფუნქცია ძლიერდება“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, კანონის პროექტშიცაა აღნიშნული, რომ საგამოძიებო ფუნქცია ძლიერდება და არაერთი მუხლი ემატება.

„ეს არის გაყოფა და არა გაუქმება. „გაუქმება“ არასწორი ტერმინია. ამ უწყების გაყოფითა და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებით, ორივე ფუნქცია ძლიერდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება მიზნად ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებასა და კადრების შეკვეცას არ ისახავს.

დღეს პარლამენტში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ლონდა თოლორაიამ დღეს არ უპასუხა კითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი.