არჩილ ტყეშელაშვილი: უცხოელმა სპეციალისტებმა შეადგინეს დასკვნა და აღნიშნეს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა კეთილსინდისიერად და ობიექტურად გამოიძიეს 9 მილიონის გაფლანგვის საქმე

არჩილ ტყეშელაშვილი: უცხოელმა სპეციალისტებმა შეადგინეს დასკვნა და აღნიშნეს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა კეთილსინდისიერად და ობიექტურად გამოიძიეს 9 მილიონის გაფლანგვის საქმე

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა იმ უცხოელ სპეციალისტებზე ისაუბრა, რომლებიც პროკურატურამ 9 მილიონის გაფლანგვის საქმის შესასწავლად მოიწვია. გადაცემაში „იმედი LIVE“ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ მათ შორის იყვნენ ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ კოფი.

„ამ ადამიანებმა შეადგინეს დასკვნა და აღნიშნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ დევნა დაწყებულიყო და გაგრძელებულიყო. ამავე დასკვნაში საუბარი იყო ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების მაღალ პროფესიონალიზმზე და იმაზე, რომ მათ კეთილსინდისიერად და ობიექტურად გამოიძიეს საქმე. შესაბამისად, ეს დასკვნაც მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან ასეთი მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის პირები ამბობდნენ, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულება იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად “, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.