ყველა ერიდებოდა ჩემთან შეხვედრას, თითქოს „ცოდვილ ხუბუას“ ესაუბრებოდნენ

ყველა ერიდებოდა ჩემთან შეხვედრას, თითქოს „ცოდვილ ხუბუას“ ესაუბრებოდნენ

უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გია ხუბუა აცხადებს, რომ შაშკინი მას თანამდებობიდან წასვლას აიძულებდა. გია ხუბუას თქმით, 2008 წელს მთავრობას უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გაყიდვა უნდოდა, ამიტომ 2010 წელს შაშკინმა მას  გადადგომა დაავალა.

შაშკინი ადასტურებს, რომ 2010 წლის აგვისტოში გია ხუბუას მართლაც შეხვდა, თუმცა ეს შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართა და მან სამართალდამცველებთან შუამდგომლობა სთხოვა, რაც შაშკინმა ვერ დაუკმაყოფილა. საქმე ეხებოდა უკრაინაში აღმოჩენილ თსუ-ის საცავიდან დაკარგულ მე-16 საუკუნის ქართულ წიგნებს, რომელთა ღირებულებაც ათი ათასებია.

For.ge გიორგი ხუბუას გერმანიაში დაუკავშირდა.

დიმიტრი შაშკინი თქვენ ბრალდებებს  სიცრუეს უწოდებს. ადასტურებთ, რომ შაშკინმა თანამდებობიდან წასვლა გაიძულათ?

- ბატონ შაშკინთან მიმართებით ჩემს ნათქვამს აბსოლუტურად ვადასტურებ. პირველად გადადგომის მოთხოვნით დამიკავშირდა მისი მოადგილე ბატონი სეფერთელაძე, მან ჩემგან რექტორის პოსტის დატოვება 2010 წლის აგვისტოში მოითხოვა. როგორც ვიცი, იმ პერიოდში ბატონი შაშკინი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რათა ამ თემაზე ესაუბრა ჩემთან. სხვათა შორის, მას ერთხელაც არ უხსენებია წიგნებთან დაკავშირებული ისტორია.

საუბარია თსუ- პირველი კორპუსის ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვაზე?

- დიახ, თსუ-ს ბიბლიოთეკიდან მოპარულ წიგნებზე ვსაუბრობ, რომლებიც, სავარაუდოდ, მაშინდელი სატელევიზიო გადაცემებიდან გამომდინარე, თითქოსდა, მე მოვიპარე. როდესაც ვკითხე, თუ რატომ უნდა გადავმდგარიყავი და იმედი მქონდა, რომ მას არ სჯეროდა ამ წიგნების ისტორიის ამბავი, მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს. უბრალოდ, მითხრა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო. ეს იყო შაშკინის მთელი არგუმენტაცია, რომელიც, როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი დღით ჩამოვიდა საქართველოში, რათა ამ თემაზე დამლაპარაკებოდა. მაშინ მას ვუთხარი, რომ რექტორის პოსტისთვის არც ვაპირებდი ბრძოლას და არც ჩემი გადადგომა იყო პრობლემა, მაგრამ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იმ აბსურდული ბრალდების უარყოფა იყო, თითქოს, მე -უნივერსიტეტის რექტორმა ბიბლიოთეკიდან წიგნები მოვიპარე. ეს უნდა გაკეთებულიყო იმავე სატელევიზიო არხებით, რომლებიც იმ პერიოდში ამას საუკეთესო პრაიმ-ტაიმში გადასცემდნენ.

შაშკინი აღნიშნავს, თითქოს, თქვენ სთხოვეთ სამართალდამცავებთან შუამავლობა, რაზეც მისგან უარი მიიღეთ

- ეს სრული სიცრუეა. წიგნებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებთან არც მქონია რაიმე შეხება, გარდა იმისა, რომ წიგნების თაობაზე, რომლებიც 2006 წელს მართლაც დაიკარგა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან, მე თვითონ მივწერე ოფიციალური წერილი შს სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რათა დაეწყოთ გამოძიება, რადგან, ცხადია, უნივერსიტეტი საგამოძიებო ღონისძიებებს ვერ განახორციელებდა. გთხოვთ დაუკვირდეთ, წიგნები დაიკარგა 2006 წელს და ამ დროს 2010 წელს ხდება ამ თემის გააქტიურება. თუმცა როგორც გაირკვა, და ეს ქალბატონმა მარი ნემსიწვერიძემაც აღიარა, რომ მთავარი პროკურატურა მისგან მოითხოვდა ისეთ ჩვენებას, თითქოს, მას ეს წიგნები მიჰქონდა უნივერსიტეტის რექტორთან. ასე რომ, ბატონ შაშკინის ეს მოსაზრება სრული სიცრუა. მან ჩემთან შეხვედრა თავად ისურვა და მასთან შეხვედრის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ მას გარკვევით ეთქვა, თქვენ უნდა დატოვოთ რექტორის პოსტი.

თუ ჰკითხეთ, ვინ ითხოვდა თქვენს თავს

- უბრალოდ, მითხრა, ბევრი მოითხოვს შენს თავს, თითქოს მსხვერპლშეწირვის რიტუალთან გვქონდა საქმე. ბუნებრივია, მაშინ შაშკინისგან არც მქონია იმის მოლოდინი, რომ ის დაასახელებდა, თუ ვინ მოითხოვდა ჩემს თავს, მაგრამ ეს არც ისე ანონიმურად ჟღერდა, რადგან გასაგები იყო, ვინ შეიძლება, გვეგულისხმა იმ პატარა ჯგუფში, რომელიც საქართველოს მაშინდელ პოლიტიკას განსაზღვრავდა.

იმ პერიოდში, როდესაც თქვენ დათანხმდით უნივერსიტეტის რექტორობას, არცთუ სასიამოვნო ფონი იყო. თქვენი წინამორბედი  რუსუდან ლორთქიფანიძე  უღიმღამო რექტორად მიიჩნეოდა და საზოგადოებაში აქტიურად საუბრობდნენ, რომ იმის გამო დანიშნეს ამ თანამდებობაზე, რომ ის იყო გიული ალასანიას მეგობარ. როცა თქვენ დათანხმდით ამ პოსტს, ფიქრობდით, რომ ასეთი პრობლემების წინაშე დადგებოდით, თუ თავიდანვე გქონდათ გარანტიები? საზოგადოებამ თქვენი მხრიდან ეს ნაბიჯი კარგ მოვლენად არ აღიქვა და კეთდებოდა ასეთი შეფასებები, რომ ივანე ჯავახიშვილის სავარძელში რა უნდა გია ხუბუას? საინტერესოა, რატომ დათანხმდით ამ პოსტს, როცა იცოდით, რა მდგომარეობაც იყო იმდროინდელ საქართველოში და, რასაც აპირებდა იმდროინდელი ხელისუფლება? - საუბარია უნივერსიტეტიდან თანამშრომლების გაყრაზე.

- 2006 წელს, როდესაც მე უნივერსიტეტის რექტორობას დავთანხმდი და დავინიშნე, ერთადერთი მიზანი იყო, გვქონოდა უფრო კარგი, თანამედროვე უნივერსიტეტი, რომელიც უპასუხებდა თანამედროვე გამოწვევებს, სტუდენტებისა და მათი მშობლების მოლოდინს, სადაც სწავლება და კვლევებებიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდებოდა. ის ცვლილებები, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდა, მართალია, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ - უალტერნატივო და აუცილებელი. ერთადერთი, რაც შემიძლია დღესაც თამამად ვთქვა, რომ 2006-დან 2010 წლამდე არც მე და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის არცერთ თანამშრომელს, პროფესორს თუ კოლეგას უნივესიტეტის იდეის საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. პირიქით, ვფიქრობ, მოკლე დროში შევძელით დაგვემკვიდრებინა საუნივერსიტეტო ეთოსი პირველ ქართულ უნივერსიტეტში. ნუ დავიყვანთ უნივერსისტეტში განხორციელებულ ცვლილებებს მხოლოდ გარკვეულ საკადრო ცვლილებამდე, რომელიც აუცილებელი იყო. თუ ჩვენ ამ კონკურსების შესახებ ვიმსჯელებთ, ჩვენ ვიდექით ასეთი დილემის წინაშე, პირველი ქართული უნივერსიტეტი ან უნდა ყოფილიყო მაღალი სტანდარტების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ან უნდა შეგვენარჩუნებინა, როგორც დაწესებულება სოციალური დახმარების ფუნქციით. ბუნებრივია, უნივერსიტეტში დასაქმების ერთადერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს თანამედროვე სასწავლო პროგრამა და აქედან გამომდინარე, ვალდებული ხარ, შესაბამისი პერსონალი აიყვანო. სამწუხაროდ, ჩვენი სასწავლო პროგრამები ოპტიმალური არ იყო, დასაქმებაზე იყო ორიენტირებული, ბევრი არასავალდებულო საგანი და დისციპლინა ისწავლებოდა, რათა უნივერსიტეტში უბრალოდ გაბერილიყო საათები.

მაგრამ იმ კითხვაზე არ მიპასუხეთ, რექტორობის გარანტია ვისგან მიიღეთ და შემოთავაზება უშუალოდ სააკაშვილისგან მოდიოდა?

- 2006 წელს მქონდა გარანტია, რომ უნივერსიტეტის საქმიანობაში არავინ ჩაერეოდა და სრული აკადემიური თავისუფლება მექნებოდა. გარკვეული პერიოდი უნივერსიტეტს ნამდვილად არავინ აწუხებდა, შეიძლება იმიტომ, რომ საკმაოდ რთული იყო რეფორმების განხორციელება, მაგრამ შემდეგ უკვე დაიწყო ჩარევა არასწორი მიმართულებით. თავისუფლების გარეშე, ცხადია, უნივერსიტეტის იდეა ვერ განხორციელდებოდა. მათ გაღიზიანებას იწვევდა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში კონკურსის ჩატარებისას არ ვითვალისწინებდით არავის ჩარევას, არც სამინისტროს მხრიდან, არც უშიშროების ორგანოთა მხრიდან და ასეთი მცდელობები ხშირად ჰქონდათ. უნივერსიტეტიდან არასდროს გაგვიშვია ვინმე პოლიტიკური სიმპათიების ან ანტიპათიის მიხედვით. შეიძლება ეს ჩვენმა კოლეგებმაც დაადასტურონ, რომლებიც მაშინ ოპოზიციურად იყვნენ განწყობილნი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მათ საქმიანობას უნივერსიტეტში ხელს არავინ უშლიდა.

სხვათა შორის, მინდა შეგახსენოთ, იმ პერიოდში ნესტან კირთაძე, გოგი გოგოლაშვილი, გელა დოლიძე და სხვა ლექტორები საუბრობდნენ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა მათი დევნა. ამას ორი ლექტორის სიცოცხლეც შეეწირა, რასაც პირადად თქვენ გაბრალებდნენ. უნივერსიტეტიდან დათხოვნილი ლექტორები იმასაც ამბობდნენ, რომ ნათესავებითა და მეგობრებით აგივსიათ უნივერსიტეტი.

- მინდა დაგიდასტუროთ, რომ უნივერსიტეტიდან საკონკურსო შერჩევის დროს არცერთი პიროვნება არ გაგვიშვია პოლიტიკური ნიშნით. ბუნებრივია, კონკურსს ყოველთვის მოსდევს უკმაყოფილება მაშინაც და ახლაც, რადგან კონკურსგარეთ  ყოველთვის რჩება რომელიმე კონკურსანტი. იმ პერიოდში ჩვენს მიერ შემუშავებული ერთადერთი კრიტერიუმი აკადემიური გახლდათ. ბევრი კოლეგა და კარგი პროფესიონალი, რომელმაც 2006 წელს კონკურსში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო, უნივერსიტეტში დავაბრუნეთ, მოვძებნეთ საამისო ფორმა და ღირსეული პიროვნებები აგრძელებდნენ უნივერსიტეტში მოღვაწეობას.

თქვენ აცხადებთ, რომ იმ პერიოდში უნივერსიტეტის იდეის საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, მაგრამ უნივერსიტეტის იდეის საწინააღმდეგოდ შეიძლება ჩაითვალოსრომ მართლაც ღირსეული ლექტორებიც მოყვნენ .. წმენდაში. იმ პერიოდში ვაშუქებდი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და ამ ლექტორებს თანადგომას უცხადებდნენ უცხო ენების და სხვა უნივერსიტეტების ლექტორები თუ სტუდენტები, მრავალდღიანი საპროტესტო აქციები ეწყობოდა. კიდევ ერთი, სულ ახლახანს ქართულმა აკადემიამაც გამოაქვეყნა განცხადება, ისინი კითხვას სვამენ, ვინ არის სინამდვილეში, გიორგი ხუბუა, რომლის დროსაც ჩაიკეტა სხდომათა დარბაზი და ლექტორებს პოლიციელები მიუსიეს

- დიდი მადლობა, რომ ეს კითხვა დამისვით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ნათელი უნდა მოეფინოს ამ საკითხს. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში არავის არავინ არ გამოუკეტავს. მინდა, ამის წინა ისტორიაც გავიხსენო. იმ პერიოდში შეიკრიბა უნივერსიტეტის პროფესურის ნაწილი, მათ შექმნეს ალტერნატიული საბჭო და აირჩიეს თავიანთი რექტორი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ასამდე კაცი პირდაპირ შემოიჭრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, მთლიანად ბლოკირებული იყო ის ფლიგელი.

მაგრამ შეჭრაზე ვერ იქნება საუბარი, რადგან ეს ადამიანები ლექტორები იყვნენ და მათაც ეკუთვნოდათ უნივერსიტეტში შემოსვლა. ამდენად, საკუთარ უნივერსიტეტში შეჭრა, ალბათ, არ არის სწორი გამოთქმა. უბრალოდ, მათ პოლიციელები მიუსიეს და სწორედ ამაში გდებენ ბრალს, რომ ფაშისტური მეთოდებით მოხდა მათი დასჯა და ჩაკეტვა დაბაზში. სხვათა შორის, იქ ასაკოვანი პროფესორები იყვნენ და მანდილოსნები.

- ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო, მაგრამ გიყვებით, როგორ წარიმართა ეს ამბავი, როდესაც უნივერსიტეტის რექტორატში შემოიჭრებიან და ულტიმატუმს გიყენებენ, რომ ათი წუთის განმავლობაში წახვიდე უნივერსიტეტიდან და მიატოვო ეს დაწესებულება... თითქმის სამი საათის განმავლობაში ვცდილობდი ურთიერთობის დარეგულირებას, თანაც, მარტო ვიყავი და იქ არც იყო იმის შესაძლებლობა, რომ ამ მოლაპარაკებების დროს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან კიდევ ვინმე ყოფილიყო. მათ არ უნდოდათ კონკურსის ჩატარება.

ეს იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, რას ნიშნავდა ეს .. კონკურსები, ხელისუფლება თქვენ ამოყენებ აპირებდა მათ გაცხრილვა, როგორც ეს რუსუდან ლორთიფანიძის პერიოდში მოხდა. ეს იყო იარაღი ხელისუფლების ხელში. ამ გადასახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ შეგეძლოთ ეს აგეცილებინათ და ხელისუფლებას არ მოეხდინა თქვენი სახელით მანიპულირება?

- მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში არავინ გამოგვიკეტავს, იქ ღია იყო ეზოსკენ გამავალი კარი და ყველას თავისუფლად შეეძლო დაეტოვებინა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი.

მაგრამ ერთი ღამე გაათენეს იქ, მათ შორის, ასაკოვანმა ლექტორებმა. ისინი ამბობდნენ, წყალსაც არ გვაძლევდნენ, უჰაერობა იყო და ვერ ვსუნთქავდითო.

- ყველა მათგანს შეეძლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი დაეტოვებინა.

პოლიციელებისგან არ იყო ჩაკეტილი სააქტო დარბაზი?

- გარეთ გასვლა ყველას შეძლო. უბრალოდ, ვინც გარეთ გავიდოდა, პოლიცია შემდეგ უკან არ უშვებდა, ჩაკეტილი იყო სააქტო დარბაზის მხოლოდ ის მხარე, რომელიც შედის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და არა ის მხარე, რომელიც ეზოში გადის.

პოლიცია მაშინ თქვენ გამოიძახეთ?

- პოლიცია გამოიძახა უნივერსიტეტის დაცვამ, როდესაც ის მიხვდა, რომ საკუთარი ძალებით შეუძლებელი იყო წესრიგის დამყარება.

მომხდარს არ ნანობთ?

-ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ფაქტი მაშინ უნივერსიტეტში მოხდა, მაგრამ პროტესტში მონაწილე ბევრ კოლეგასთან მოგვიანებით ვთანამშრომლობდით. ესენი იყვნენ ცნობილი ადამიანები, ბატონი გრივერ ფარულავა, ჯემალ მებონია, რომელიც მაშინ ამ მოძრაობის მეთაური იყო. უნივერსიტეტიდან გაშვების ერთადერთი ფორმა კონკურსი იყო. საკონკურსო კომისიის საქმიანობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური საბჭო არ ჩარეულა. მესმის, რომ საკონკურსო შერჩევების დროს, სამწუხაროდ, იყო შეცდომები, თავიდან მგრძნობიარედ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. სწორედ იმის გამო, თუ რამეს სამართლიანად ვერ გავაკეთებდით, აკადემიურ თანამდებობაზე შერჩევისთვის სამწლიანი ვადა დავადგინეთ, რათა შედარებით მოკლე პერიოდში დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა. კონკურსის ფორმას უნივერსიტეტში ალტერნატივა არ აქვს და ამას საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნის ყველა უნივერსიტეტში ახორციელებენ.

საკონკურსო კომისია ვისგან იყო დაკომპლექტებული და ისინი პირადი მოსაზრებით ხომ არ ხელმძღვანელობდნენ

- საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ჩვენი კოლეგები, უნივერსიტეტის პროფესურა.

და მაინც, ეს ადამიანები თქვენგან მოითხოვდნენ თანამდებობის დატოვებას, თქვენ გქონდათ წინამორბედი რექტორების მაგალითები, რუსუდან ლორთქიფანიძე წავიდა, უფრო ადრეული მაგალითი რომ გავიხსენოთ, ივანე ჯავახიშვილიც კი გასწირა უნივერსიტეტმა. მისთვის ძნელი იყო ამის გადატანა, ბოლოს და ბოლოს, იგი უნივერსიტეტის დამაარსებელი გახლდათ, მაგრამ კომპრომისზე წავიდა. თქვენც შეგეძლოთ კომპრომისზე წასვლა და თქვენი კოლეგების სიმპათიის მოპოვება? ასევე, შეგეძლოთ, რეალურად გეთქვათ ის, რაც ხელისუფლებას აინტერესებდა უნივერსიტეტთან მიმართებით?

- იმ პერიოდში მე უნივერსიტეტის საქმეს ვაკეთებდი. როდესაც ამის შესაძლებლობა არ მქონდა და შეზღუდული ვიყავი, ეს უკვე სხვა შემთხვევა იყო. უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ არაფერი გაგვიკეთებია. 2010 წელს გაცილებით უფრო ევროპული და სტუდენტებზე ორიენტირებული უნივერსიტეტი გვქონდა.

უშუალოდ სააკაშვილის ინიციატივით დაინიშნეთ?

- 2006 წელს შეხვედრა მქონდა ბატონ სააკაშვილთან და ეს ბუნებრივიცაა. შემდეგ უკვე აქტიური კონტაქტები პრეზიდენტთან არ მქონია.

უნივერსიტეტიდან  ლექტორების დათხოვნა რამდენად ჯდებოდა კახა ლომაიას .. რეფორმის იდეაშიმის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნებია.

- ბატონ ლომაიას მიერ დანახული რეფორმები ნამდვილად უნივერსიტეტის სასიკეთო იყო და ის ბრალდებები, რაც 2006 წელს გაისმოდა, უსამართლო იყო.

მაშინ ითქვა, რომ ეს რეფორმები უნივერსიტეტის უბრალო კოლეჯად გადაქცევას ისახავდა მიზნად. დღევანდელი კვლევებიც ადასტურებს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა აღარ არის ისეთი წიგნიერი, როგორც ადრე იყო და ამას ლომაიას რეფორმებს უკავშირებენ.

- ასე არ ვფიქრობ, უნივერსიტეტში განხორციელებულ რეფორმებს ახალი პრობლემა არ წარმოუშვია. ამ რეფორმებმა გააშიშვლა უკვე არსებული პრობლემები, რომელზეც არავინ საუბრობდა. მესმის, რომ უნივერსიტეტის რეფორმა ყველაზე მტკივნეულია, რადგან უნივერსიტეტი ეკლესიის შემდეგ სიძველით მეორე სოციალური ინსტიტუტია და კონსერვატიული და მგრძნობიარეა ყოველგვარი ცვლილებების მიმართ.

შაშკინის ამბავს რომ დავუბრუნდეთ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გაყიდვა მართლაც იგეგმებოდა? ახლა მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, შაშკინის დროს როგორი პოლიტიკა იყო უნივერსიტეტთან მიმართებით?

- პირველი კორპუსის გაყიდვის იდეა მართლაც მუსირებდა, მაგრამ შაშკინთან ამ თემაზე არ მქონია საუბარი. ბატონი შაშკინის ყველაზე გამორჩეული სტილი უნივერსიტეტთან მიმართებით იყო ის, რომ მისი პოლიტიკის სურვილი იყო ტოტალური კონტროლი უნივერსიტეტზე, რომ პროფესურისგან არ უნდა წამოსულიყო კრიტიკული სტატიები, განსხვავებული აზრი, უნივერსიტეტი მთლიანად სახელისუფლო არხზე უნდა გადართულიყო. უნივერსიტეტისგან ვასალური ერთგულების მოლოდინი იყო. 

მაგრამ 2008 წელს პირველი კორპუსის გაყიდვის პრობლემა იდგა.

- ვადასტურებ, რომ ერთ-ერთ ალტერნატივად გვთავაზობდნენ მცხეთაში საუნივერსიტეტო კორპუსის მშენებლობას, მაგრამ შაშკინთან ამ თემაზე არ გვისაუბრია.

რა უნდა განთავსებულიყო უნივერსიტეტში?

- ეს უკვე არ ვიცი. მე არ დავთანხმდი პირველი კორპუსის პრივატიზაციას. ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ეს იდეა არ უნდა მოსვლოდა.

ეს სააკაშვილის იდეა იყო თუ ბენდუქიძის?

- ჯერჯერობით პერსონიფიცირებას მოვერიდები, რადგან მე თვითონ მინდა, რაღაცები გავარკვიო.

რაც შეეხება გერმანიას, ამ ამბების შემდეგ მიგიწვიეს გერმანიაში?

- ახლა მე ვარ ბამბერგის უნივერსიტეტში, როგორც პროფესორი. მიწვევაც არა, მე უბრალოდ, სხვა ალტერნატივაც არ მქონდა. ეს ყველაზე აუტანელი იყო, რომ უკვე ყველა ერიდებოდა ჩემთან შეხვედრას, ერთგვარი შიშიც ჰქონდათ, რომ ამ „ცოდვილ ხუბუას“ ესაუბრებოდნენ.

მუქარაც ხომ არ განხორციელებულა თქვენს მიმართ?

- რა თქმა უნდა, მუქარაც იყო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების თუ ნათესავების მიმართ.

შაშკინის მხრიდან მოდიოდა მუქარა და რატომ გემუქრებოდნენ?

- არა მგონია, ეს შაშკინის ინიციტივა ყოფილიყო, რადგან ჩემთან საუბრისას მას მუდმივად ჰქონდა ვიღაცებთან კონტაქტი და ინსტრუქციები მოდიოდა, თუ რა უნდა ეთქვა ჩემთვის. ეს იყო სამაგალითო დასჯა იმ სიჯიუტისა და პოლიტიკისგან დისტანცირებისთვის, რასაც ასე თუ ისე, დროებით იტანდნენ, რადგან უნივერსიტეტისთვის კარგა ხანს არავის ეცალა. ჯერ აგვისტოს ომი იყო, შემდეგ პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიციური გამოსვლები ქუჩებში და შემდეგ უკვე, 2010 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა და პოლიტიკაში სავარაუდო საფრთხეებს აღარ გრძნობდნენ, უნივერსიტეტისთვის მოიცალეს. ერთადერთი ახსნა ეს უნდა იყოს, თორემ მე დღემდე ვერ ამიხსნია, რა საჭირო იყო ასეთი შემოტევები, უაზრო ბრალდებები, მუქარები?!

 როგორ მოახერხეთ საქართველოდან წასვლა?

- აგვისტოში განათლების სამინისტროს 20-კაციანი კომისია შემოვიდა უნივერსიტეტში, მათ ყველა საფინანსო და სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანეს. ამ 20-კაციანი კომისიის გარდა რამდენიმე ფირმა გარეთაც მუშაობდა ამ დოკუმენტებზე. ერთ-ერთ კომისიის წევრს პირდაპირ აქვს ნათქვამი თსუ-ს მაშინდელი კანცლერისთვის, ბატონი ხარბედიასთვის, ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ ვიპოვოთ ხუბუას საწინააღმდეგო კომპრომატები. აბსოლუტურად დაუცველი ვიყავი და არ გამოვრიცხავდი არაფერს, შეეძლოთ ჩემი აყვანაც, მაგრამ დოკუმენტებში ვერაფერი ნახეს. საბოლოო ჯამში, რამდენიმე შენიშვნა იყო ჩემს მივლინებებთან დაკავშირებით და ისიც, აბსოლუტურად უსამართლო ბრალდება, თითქოს, სასტუმროს ხარჯებს არასწორად აღვრიცხავდი.

საქართველოდან წასვლაში ვინ დაგეხმარათ?

- წასვლაში დამეხმარნენ ჩემი გერმანელი კოლეგები. მათი მადლიერი ვარ, რადგან სრულიად მოკლე პერიოდში, ერთ თვეში უკვე მქონდა ჩემი ადგილი გერმანულ უნივერსიტეტში.

თქვენი პრობლემის შესახებ იცოდნენ და ამიტომ დაგეხმარნენ?

- ისინი დამეხმარნენ ჩემი წინა სამეცნიერო კონტაქტების წყალობით, რაც წლების განმავლობაში მქონდა გერმანულ უნივერსიტეტებთან. ჩემი პრობლემების შესახებ მათ იცოდნენ. მას შემეგ, რაც უნივერსიტეტის პროფესორობიდანაც გამიშვეს და ერთი წლის შემდეგ ჩამომართვეს პროფესორობა, მაშინვე აპირებდნენ გერმანელი კოლეგები ოფიციალური განცხადების გაკეთებას, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს, ეს კონტრპროდუქტიული იქნება, მაინც ამ გადაწყვეტილებას არავინ შეცვლის და შეიძლება, უფრო რისკის ქვეშ დავაყენოთ თქვენი ახლობლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენო. სხვათა შორის, გერმანიაში არავითარი ნოსტალგია წინა ხელისუფლების მიმართ არ აქვთ. გერმანული პრესა ყოველთვის კრიტიკული იყო წინა ხელისუფლების მიმართ. ამჟამად აქვთ იმის მოლოდინი, რომ ცვლილებები უფრო მეტ დინამიკას შესძენს ქართულ პოლიტიკას და უფრო კონკურენტული გახდება ქართული პოლიტიკური სივრცე. თავისი რესურსებით, მათ შორის, ინტელექტუალურითაც, საქართველოს ნამდვილად შეუძლია რეგიონში ევროპული დემოკრატიის კარგი მაგალითი აჩვენოს. ერთია რიტორიკა, რომ შენ გინდა ევროპული ღირებულებები, მაგრამ მთავარია, რეალურად როგორ ხორციელდება ეს რიტორიკა. თავიდან ჩვენც იდეალისტები ვიყავით და გვჯეროდა, რომ საქართველო მართლაც მიდიოდა ევროპული ვექტორისკენ, თუმცა შემდგომ განვიხიბლეთ. აქ ძალიან კარგი კონტრაქტები და პროექტების პერსპექტივა მაქვს. ვფიქრობ, კარგი რამის გაკეთება აქედანაც შემიძლია ქართველი სტუდენტებისა და განათლებისთვის. სულ მცირე, ხუთი წელი საქართველოსთან დაკავშირებით გეგმები არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩამოვალ და ლექციებს წავიკითხავ.